საცირკო სანახაობა რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ ლავროვის და პუტინის საამებლად

იმ პირობებში, როდესაც რუსული უნივერსიტეტები იხსნება ქვეყანაში, დღევანდელი პროცესი არის უბრალოდ საცირკო სანახაობა, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ ლავროვის და პუტინის საამებლად. მე ეს სასამართლო პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგან შეუძლებელი იყო ამდენი სიცრუის მოსმენა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმა ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც დიმა ჩიქოვანი ამბობს, მან სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა, მისი ადვოკატის ინფორმაციით კი, პროცესი 4-5 სექტემბერს გაგრძელდება.
„იმ პირობებში, როდესაც რუსული უნივერსიტეტები იხსნება ქვეყანაში, დღევანდელი პროცესი არის უბრალოდ საცირკო სანახაობა, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ ლავროვის და პუტინის საამებლად. მე ეს სასამართლო პროტესტის ნიშნად დავტოვე, აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი მიმდინარეობდა. პირველ რიგში კომიკური იყო მოსამართლის აცილების მოთხოვნა, რომელიც დააყენა შსს-მ სხდომის დასაწყისში და შემდგომ, როცა შს სამინისტროს მოწმეები მოვიდნენ, კერძოდ, ჩემი დამკავებელი და აქტივისტების დამკავებლები, უბრალოდ შეუძლებელი იყო იმ სიცრუის მოსმენა, რომელსაც სხდომათა დარბაზში იძახდნენ. ეს ხალხი არ მონაწილეობდა ჩვენი დაკავების პროცესში, ისინი ფიქტიური დამკავებლები არიან, ჩვენი რეალური დამკავებლები არიან „მასკიანი“ გდდ-ს თანამშრომლები, რომლებიც ასრულებდნენ უკანონო ბრძანებას და ხელი შეუშალეს მშვიდობიან პროტესტანტებს გაეპროტესტებინათ ის უმსგავსო საქციელი, რაც იმ დღეს ყვარლის ტბაზე ხდებოდა“, – განაცხადა დიმა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ რომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, სასტუმრო „ყვარლის ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის საქართველოში ჩამოსვლის გამო, გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა გაიმართა. 14 დაკავებულის პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმეზე 40- ზე მეტი პირი მოწმის სახით უნდა გამოიკითხოს.
სხდომის დაწყებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ საქმის მოსამართლის იოსებ აბრამიძის აცილება მოითხოვა.
„მიმდინარე წლის ივლისში, შსს-მ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში არსებულ დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატს საჩივრით მიმართა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიძის მიმართ, მისი მხრიდან განხორციელებულ პროცესუალურ დარღვევებზე რეაგირების მიზნით. შესაბამისად, მოცემულ მომენტში მოსამართლეს უწევს იმ ორგანოზე გადაწყვეტილების მიღება, რომლის საჩივრის საფუძველზე შესაძლოა, მის მიმართ დაიწყოს დისციპლინური საქმის წარმოება. შს სამინისტრო არ არის დარწმუნებული, რომ მოსამართლე მოცემულ შემთხვევაში შეძლებს შეინარჩუნოს ობიექტურობა. მივიჩნევთ, რომ მოსამართლე აცილებული უნდა იქნას საქმიდან“, – მიმართა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ მოსამართლე იოსებ აბრამიძეს.
კერესელიძემ თქვა, რომ მათი საჩივარი მიმდინარე საქმეს არ ეხება, თუმცა არ დააკონკრეტა რომელ საქმეზეა ლაპარაკი.
მოსამართლემ, იოსებ აბრამიძემ შსს-ს წარმომადგენელს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ დისციპლინური სარჩელის შესახებ დღეს, 25 ივლისს, პირველად გაიგო.
„ის რომ თქვენ საჩივრით მიმართეთ დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატს, ეს ჩემი აცილების შუამდგომლობის საფუძველი არ არის. მით უმეტეს არ ვიცით, რა შინაარსის საჩივარია და რა საქმეზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ აცილების შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ ვაკმაყოფილებ“ – განმარტა მოსამართლე აბრამიძემ და სასამართლო პროცესზე მისული მოწმე პოლიციელების გამოკითხვა დაიწყო.
პროცესზე სულ 10-მდე პოლიციელი დაიკითხა. მათი ნაწილი ყვარლის, ზოგი კი თელავის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი იყო.
ყვარლის პოლიციის თანამშრომელმა გიორგი ხანდაურმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 20 მაისს მან დააკავა აქციის მონაწილე ლაშა ხუსკივაძე.
„20 მაისს შემოვიდა შეტყობინება, რომ კერძო საკუთრებაში შედიოდნენ უცხო პირები. მივედით ყვარლის ტბასთან არსებულ შლაგბაუმთან სადაც ხალხი იყო შეკრებული. ისინი ცდილობდნენ შიგნით შესვლას, მათ შორის ხუსკივაძე. ამ დროს ტბის ტერიტორიიდან გამოდიოდა მიკროავტობუსი. აქციის მონაწილეებმა, მათ შორის ლაშამ ავტობუსს დაუშინა კვერცხები და იგინებოდა. ჩვენი მოწოდების შემდეგ რომ დაწყნარებულიყვნენ, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიული და იგინებოდნენ“, – თქვა პოლიციელმა.
მას შეკითხვები დაუსვა თავად ლაშა ხუსკივაძემ. კონკრეტულად კი აგინებდა თუ არა პირადად მას და სხვა სამართალდამცავებს, რაზეც პოლიციელმა უპასუხა, რომ ხუსკივაძე პოლიციელებს არ აგინებდა.
ამის შემდეგ ხუსკივაძემ პოლიციელი ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა და ამის მაგალითად დაასახელა, დაკავების შემდეგ შედგენილი ოქმი, სადაც პოლიციელი წერს, რომ ხუსკივაძე პოლიციელებს აგინებდა.
პასუხად პოლიციელმა გიორგი ხანდაურმა თქვა, რომ ოქმი პირადად მას არ შეუდგენია.
ხადნაურის გარდა მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ პოლიციელები ირაკლი ლოლაშვილი, რატი ოსიაშვილი, თორნიკე გოჩიაშვილი და სხვა. ყველა მათგანმა თითქმის ერთნაირი ისტორია მოჰყვა.
სასამართლო სხდომას დაესწრო 2023 წლის 20 მაისს ყვარლის ტბასთან დაკავებული შუშანა მაცაბერიძე.
„კურიოზული მდგომარეობა ხდებოდა სასამართლოში. შს სამინისტროს იურისტები ითხოვდნენ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოსამართლეებს… ჩვენ წლებია ამას ვითხოვთ და სამინისტრომ დღეს გადაწყვიტა რომ ამის დროს იყო“, – უთხრა ჟურნალისტებს მაცაბერიძემ.
ადმინისტრაციულ გადაცდომაში ბრალდებულმა ყველა პირმა თქვა, რომ კანონი არ დაურღვევიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაცდომას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის, 25 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმა ჩიქოვანის, პარტიის და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი იყო ყვარელში რუსული ქორწილის პროტესტის დროს დაკავების ეპიზოდთან დაკავშირებით.
ცნობისთვის „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სასტუმრო „ყვარლის ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მაისს დაკავებულების სასამართლო სხდომა 4 და 5 სექტემბერს განახლდება.