მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფხაზეთის აეროპორტი 49 წლით რუსეთს გადაეცემა

ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებულმა პარლამენტმა სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის პროპაგანდისტული გამოცემა აპსნიპრესი ავრცელებს.

შეთანხმება რუსეთის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას მოიცავს და განსაზღვრავს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს.

გამოცემის ცნობით, აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენის შეთანხმების რატიფიცირება 26 ივლისს მოახდინა.

შესაბამის დოკუმენტს მხარი დაუჭირა ე.წ. პარლამენტის 30-მა წევრმა, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. დოკუმენტი შემუშავებული იყო საოკუპაციო რეჟიმის იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის უწყებებთან ერთად.

აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. შეთანხმება არეგულირებს აეროპორტში რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების საკითხებს და ასევე განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს. შეთანხმების მოქმედების ვადა 49 წელია, ამასთან 25 წელი იმოქმედებს განსაკუთებული საგადასახადო რეჟიმი.

„აეროდრომი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში და სარგებლობაში გადაეცემა ინვესტორს. აეროპორტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროსადგური ძველი შენობა, რომელიც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს, გადაეცემა ინვესტორს საკუთრებაში. მთავრობათაშორისი შეთანხმების მოქმედების ვადა 49 წელია. განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმის მოქმედების ვადა 25 წელია, შეღავათების ნაწილი შენარჩუნდება შეთანხმების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში“, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავჯმდომარემ, ალხას ბარციცმა.

ბარციცის თქმით, უკვე არის ორი ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია პროექტით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რომელთან გაფორმდება კონტრაქტი, სპეციალური კომისია მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს.

ზურაბიშვილის განცხადებით, ეს რუსეთის უკანონო ქმედებაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს.

„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!,“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია აეროპორტის აღდგენას პოლიტიკური და ეკონომიკური გარღვევის მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევს, ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა მხოლოდ რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებების ცალკეულ პირთა ინტერესებში შედის.

ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან გაუქმებულია.

ე.წ პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის ალხას ბარციცის თქმით, საინვესტიციო პროექტი მოიცავს აეროდრომისა და აეროპორტის ინფრასტრუქტურის, ტერმინალების კომპლექსისა და იმ აღჭურვილობის აღდგენას, რომელიც მგზავრებისა და ბარგის გადატანას უზრუნველყოფს.

აეროპორტი სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარეობს და ის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გადაწყვეტილებით 1993 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.

ბარციცის თქმით, აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტზე განაცხადი უკვე ორმა ინვესტორმა შეიტანა. მისი თქმით, შეიქმნება ხელისუფლებათაშორისი კომისია რომელიც აირჩევს ინვესტორს და ხელი მოეწერება საჯარო-კერძო პარტნიორობას. მისი თქმით, გეგმას შეთანხმების რატიფიცირებიდან 20 დღეში მიიღებენ.

ICAO-მ 2006 წელს აეროპორტის კოდი გააუქმა და მის შესახებ დოკუმენტაცია ვებგვერდიდან წაშალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button