ომში მყოფი პრეზიდენტი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. მან სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პირველი პირის Facebook გვერდზე ვრცელდება.
„ბახმუტის მიმართულება, სპეციალური ოპერაციების ძალების მოწინავე პოზიციაა. დღეს მე აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს მებრძოლებს მათი პროფესიული დღე, პატივი მივაგო მათ ძალას. მოვისმინე მეთაურის ანგარიში, ვესაუბრე მეომრებს – ძალიან ძლევამოსილი და შედეგიანია. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების აქტუალური ოპერაციების დეტალების მოყოლა შეუძლებელია – ალბათ, ეს დროთა განმავლობაში მოხდება, მაგრამ თქვენ მიერ შესრულებული ამოცანები უკრაინისთვის ნამდვილად გმირულია“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, 28 ივლის უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევითი ოპერაციები სულ მცირე სამ მონაკვეთზე განახორციელეს და ბახმუტის მიმართულებით წინ წავიდნენ.
ინსტიტუტი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინელ ოფიციალურ პირებს ეყრდნობა. ISW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა თქვა, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ ბახმუტის სამხრეთით წინსვლას.
უკრაინის წინსვლებს რუსული წყაროებიც ადასტურებს. კერძოდ, ISW-ის ცნობით, ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა 27 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინული ძალები კურდიუმივკასა და ანდრიივკას მახლობლად წინ წავიდნენ.
ISW-ის ინფორმაციითვე, უკრაინული წყაროების თანახმად, უკრაინული ძალები ბერდიანსკის მიმართულებით რუსეთის მთავარი თავდაცვითი ხაზიდან 10-12 კილომეტრის მანძილზე დაწინაურდნენ.