ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს-ოპოზიცია რუსულ კრუიზს გამოეხმაურა

ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, – ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის, “ასტორია გრანდეს” შემოსვლა.
როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს.
„ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბათუმში განვითარებული მოვლენებიც – „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება – „ოცნების“ მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია.
ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს!“,- წერს გახარია „ფეისბუქის“ გვერდზე.
“საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და 30-31 ივლისს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
”როცა ჩვენ რუსებისთვის შემოგვქონდა უვიზო მიმოსვლა, საუბარი იყო ასეულობით – მაქსიმუმ ათასობით ადამიანზე და ისინი იფილტრებოდნენ. მაშინ საქართველოს საპატიმროებში ისხდნენ რუსი ჯაშუშები, ახლა შემოდის მილიონობით. ამათ 11 წელიწადში არ დაუკავებიათ არცერთი ჯაშუში. საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს.” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, “არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსების საქართველოში შემოსვლას”. ამ განცხადებით მან რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ელჩი კრუიზის შემოსვლის პარალელურად ბათუმის პორტში გამართულ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველი მოსახლეობა არ მიესალმება რუსებს, გამოთქვამს პროტესტს, რაც კონსტიტუციით დაცული უფლებაა.
“არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენეს. არავინ არ უნდა ელოდოს, რომ [ქართველები] მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, მაშინ როდესაც ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლით ის ოჯახებს ყოფს, მაშინ როდესაც აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან თვეობით ჰყავთ ტყვეობაში და არ უშვებენ. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი სახმელეთო გზით შემოდის, თუ ზღვით. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია კონსტიტუციით”, – თქვა დეგნანმა.
აშშ-ს ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ გზას ირჩევს და საკუთარ ხალხს უღალატა.
მისივე თქმით, „საქართველოს მოსახლეობა ან უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ დარჩება, ან ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ იმის მოლოდინი, რომ ქართველები მისალმებოდნენ იმ ადამიანებს, რომელთა ქვეყანასაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არ გამართლდა.
„ქართველებმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენეს და ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლა გააპროტესტეს“, – განაცხადა დეგნანმა ბათუმში სოჭიდან წამოსული საკრუზიო ლაინერის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.
წარმოუდგენელია ქვეყნის 20 პროცენტი იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის, პუტინის გაპროტესტებისთვის ადამიანებს უშვებდნენ ციხეში. ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “პუტინის კარის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რუსულ ექსპანსიას აგრძელებს”.
„ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ათიათასობით პუტინისტს საქართველოში, რომლებიც ქართველებს, ფაქტობრივად, ანაცვლებენ და ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნება – საქართველო ქართველების გარეშე, მოჰყავს მწყობრში. ჩვენ ვნახეთ რუსული კანონი, რუსული აღდგენილი ფრენები. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ბიძინა ივანიშვილმა სანქციების გვერდის ავლით, ფაქტობრივად, შავ ხვრელად აქცია. ამის არაერთი ფაქტი არსებობს, მათ შორის ბათუმშიც. ამასობაში, ჩვენ ბათუმში, ევროპული კრუიზის ნაცვლად, მივიღეთ რუსული კრუიზი. ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს სურს საქართველო გადააქციოს რუსეთის უკანა ეზოდ. გუშინ საღამოდან ვიხილეთ გმირი ბათუმელების, აჭარლების, ადგილობრივების, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ადამიანების გმირული პროტესტი. პუტინის გაპროტესტებისთვის, ოკუპანტის გაპროტესტებისთვის 23 ადამიანია დაკავებული. აქედან 10 არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, არიან სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, სამოქალაქო აქტივისტები, არიან რიგითი მოქალაქეები და ვითხოვთ ამ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. წარმოუდგენელია ქვეყნის 20 პროცენტი იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის, პუტინის გაპროტესტებისთვის ადამიანებს უშვებდნენ ციხეში. საზოგადოებამ ნახა განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა მაღრაძე, დგებუაძე, ბესელიას “ტროიკა” მათივე ენაზე რომ ვთქვათ, რომლებიც, ფაქტობრივად, ძალადობდნენ მოქალაქეებზე და რამდენიმე მათგანი არის ნაცემი. მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თუ არსებობს ასეთი ინსტიტუტი და ხმას თუ ამოიღებს კარგი იქნება, შეისწავლოს თითოეული ადამიანის დაზიანება. ადგილზე ვუყურეთ ჩვენ ამ ყველაფერს თუ როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად დგებუაძე, ბესელია, მაღრაძის “ტროიკა” მოქალაქეებს. მინიმალური გამარჯვება უკვე მოპოვებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კრუიზის ქალაქებიდან ამოღებულია ბათუმი. ჩამოვა თუ არა ეს კრუიზი არავინ იცის, მაგრამ სიიდან რომ ამოიღეს ეს უკვე კარგია და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მოგვიწევს ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
“შემაშფოთებელი სცენები ბათუმიდან – რუსული საკრუიზო ლაინერის პორტში შესვლამ უკმაყოფილო მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ხელისუფლებამ მისი შესვლა დაუშვა. “ტროას” ლაინერი საქართველოსთვის პოტენციურად შიდა საფრთხეს წარმოადგენს”, – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს მფლობელი კომპანია არა SOVFRACHT, არამედ Goodwin Shipping Limited -ია.
ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი გემთმფლობელ კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაცია გამოეხმაურნენ და გემის მფლობელი კომპანიის სახელწოდება დააკონკრეტეს.
სააგენტოს ცნობით, გემთმფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited არცერთ საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს მფლობელია კომპანია SOVFRACHT. ხაზგასმის ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
საკრუიზო გემის გემთმფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited, რომელიც არცერთ საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
31 ივლისის გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი შემოვიდა. ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც არიან.
ლაინერის შემოსვლის პარალელურად, ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. შსს-ში ამბობენ, რომ აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს.
აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი.
ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.
ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.
მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.