უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში

რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლების რწმუნებულის, მარია ლვოვა-ბელოვის განცხადებით, 2022 წელს უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 700 ათასზე მეტი ბავშვი იქნა გაყვანილი.
აღნიშნულ ინფორმაციას მარია ლვოვა-ბელოვა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში აქვეყნებს.
მისივე მონაცემებით, 2022 წლიდან (უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ) რუსეთის ფედერაციამ უკრაინის 4,8 მილიონი მცხოვრები „მიიღო“, მათ შორის 700 000-ზე მეტი ბავშვი.
რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მტკიცებით, უკრაინელი არასრულწლოვანთა უმრავლესობა რუსეთში მშობლებთან ან ნათესავებთან ჩავიდა.
„ასევე, რუსეთში დაახლოებით 1,5 ათასი ობოლი ბავშვი არის შემოსული, რომლებიც მშობლების მეურვეობის გარეშე დარჩნენ. ასევე, 760 ბავშვი იქნა ნაშვილები“, – ნათქვამია მოხსენებაში.
შეგახსენებთ, რომ 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი. მათ ბრალი წაუყენეს რუსეთში უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში, რაც სამხედრო დანაშაულია საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით.