ბელარუსში უკვე შეტანილია და განთავსებულია ბირთვული იარაღის ნახევარზე მეტი

“ბელარუსები იარაღს არ აჟღარუნებენ, თუმცა, ემზადებიან, ნებისმიერ დროს დაიცვან ქვეყანა”, – ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, ბელარუსში უკვე შეტანილია და განთავსებულია ბირთვული იარაღის ნახევარზე მეტი.
“ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს ამ იარაღის გამოყენება. ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ არავის ბოსტანში არ ვძვრებით, მაგრამ ჩვენთანაც ნუ მოძვრებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ საკუთარ თავსა და საკუთარ უსაფრთხოებას ჩვენი მეგობრების დახმარებით“, – ამბობს ბელარუსის ლიდერი.
გარდა ამისა ბელარუსის პრეზიდენტის, თქმით, მან “იხუმრა” პოლონეთზე ვაგნერის თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით.
“ვიხუმრე, რომ ვაგნერელები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ: ჩვენ მივდივართ ექსკურსიაზე ჟეშუვში: რატომ? იმიტომ, რომ ტექნიკა და შეიარაღება ჟეშუვიდან მიდიოდა იქ, ბახმუტთან, სადაც ვაგნერელები იბრძოდნენ. ათასობით ვაგნერის მებრძოლი დაიღუპა იქ და ამას არ აპატიებენ”, – ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი.
ლუკაშენკოს თქმით, პოლონეთის მთავრობამ მას მადლობა უნდა უთხრას იმისთვის, რომ ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში მიიწვია. ამასთან, ლუკაშენკო არ აკონკრეტებს, თუ რამდენი ვაგნერელი იმყოფება ბელარუსის ტერიტორიაზე, მაგრამ მისი თქმით, მთლიანობაში, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერში 30 000 მებრძოლი ირიცხება.
ამასთან, მოგვიანებით იმავე გამოსვლაში მან გამოთქვა რწმენა, რომ ვაგნერელებს ნამდვილად შეეძლოთ პოლონეთზე თავდასხმა და აღნიშნა, რომ ამისგან მათ მხოლოდ ბელარუსის ხელისუფლება აკავებს.
პოლონეთის ხელისუფლებამ, ლუკაშენკას თქმით, მას მადლობა უნდა გადაუხადოს „ამ მებრძოლების ჩვენთან მოწვევისთვის“. „ილოცონ, რომ აქ გვყვანან და უზრუნველვყოფთ მათ. თორემ ჩვენ გარეშე იქ გაჟონავდნენ და ამ ჟეშუვსა და ვარშავას ისე დაარტყამდნენ, შენი მოწონებული. ამიტომ ნუ მსაყვედურობენ, მადლობა უნდა მითხრან,“ განაცხადა ბელარუსის ლიდერმა. მან ასევე კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის ბოლო განცხადებაზე, რომ 100-ზე მეტი დაქირავებული მეომარია გადაყვანილი პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვრებზე, ე.წ. სუვალკის დერეფანში და ისინი პროვოკაციებს ამზადებენ. „აქ არ გადასულა ‘ვაგნერის’ არანაირი 100-კაციანი რაზმი. და თუ გადადიოდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბრესტსა და გროდნოში თავმოყრილი ბრიგადებისთვის საბრძოლო გამოცდილება გადაეცათ,“ თქვა ლუკაშენკამ და აღნიშნა, რომ ბელორუსს „ათასი წელი არ სჭირდება“ სუვალკის დერეფანი. მისი თქმით, დაქირავებული მეომრები ბელარუსის სამხედროებს თითქოს უფასოდ ამზადებენ.
ვარშავამ გადაწყვიტა, თავისი ჯარების ნაწილი ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე განელაგებინა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრები ბელარუსში გადავიდნენ. მოგვიანებით, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ითხოვენ, „გაუშვან დასავლეთში“, რათა „ექსკურსიაზე წავიდნენ ვარშავაში, ჟეშუვში“. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაქირავებულმა მებრძოლებმა ბელარუსის არმიასთან ერთობლივი წვრთნებიც გამართეს.
პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში არის აეროდრომი, რომლის გავლითაც უკრაინა დასავლეთის ქვეყნების მიერ მარაგდება სამხედრო აღჭურვილობითა და იარაღით. შემდგომში ისინი სახმელეთო გზით იგზავნება უკრაინაში.
ნატოს ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების ბელარუსში გადაყვანის გამო. პოლონეთმა ამ თვის დამდეგს განაცხადა, რომ ბელარუსთან საზღვარს აძლიერებს პოტენციური საფრთხეების დასაძლევად.