რუსულ ხომალდებზე საზღვაო დრონებით მიტანილი იერიშები კანონიერია-მალიუკი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის განცხადებით, რუსულ ხომალდებზე საზღვაო დრონებით მიტანილი იერიშები კანონიერია, რადგან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ხორციელდება.
აღნიშნული განცხადება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა Facebook-ზე გაავრცელა.
მისივე თქმით, რუსეთის ხომალდებზე ან ყირიმის ხიდზე ნებისმიერი დარტყმა მტრის მიმართ აბსოლუტურად ლოგიკური და ეფექტური ნაბიჯია.
„ამიტომ, თუ რუსეთს ასეთი დარტყმების შეწყვეტა სურს, ერთადერთი შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ – დატოვონ უკრაინის ტერიტორიული წყლები და მიწა და რაც უფრო მალე გააკეთებენ, მათთვის უკეთესია“, – აღნიშნა მალიუკმა.
შავ ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა ქერჩის სრუტეში მოხდა.
მათივე ცნობით, დაზიანებულია ტანკერის სამანქანე განყოფილება, თუმცა ეპიკაჟის 11 წევრიდან არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო დრონებით დიდი სადესანტო ხომალდის „ოლენოგორსკი გორნიაკის“ დაზიანება სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის.
„რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდი შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებისთვის იყო გაგზავნილი და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ყირიმის ხიდზე მიტანილი დარტყმების შემდეგ, რუსეთსა და ოკუპირებული ყირიმის შორის სამხედრო და სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვას ახორციელებდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე უეკიპაჟო კატერის გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს.