შოვი არ არსებობს განადგურებულია -კალაძე

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სტიქიის ზონაში ყოფნისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
კახა კალაძემ მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს.
„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, კონკრეტულად შოვში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული.
მე მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, პოლიციელებს, მადლობა მოხალისეებს, ჩვენს ჯარისკაცებს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკა მობილიზებულია, ყველა შესაბამისი უწყება ადგილზეა, კოორდინირებულად მუშაობს. საერთო ჯამში 80-მდე ტექნიკაა მობილიზებული. უმძიმესი მდგომარეობაა“, – განაცხადა კალაძემ.
გრძელდება ძებნის სამუშაოები, სურათი არის მძიმე, ყველა უწყება ჩართულია სამუშაოებში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს აქტიურად, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
„რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს, აჯობებს, ამაზე ისაუბრონ სპეციალისტებმა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა სჯობს, სპეციალისტებმა, ექსპერტებმა ისაუბრონ ამ ყველაფერზე. 18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ადამიანის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა, შეიძლება, გახდეს საჭირო, დაზიანებებიდან გამომდინარე, დეენემის ანალიზის ჩატარება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. რაც შეეხება წყლის დონეს, რაზეც იყო უამრავი სპეკულაცია, თითქოს წინა დღეებში იყო მომატებული, მერე ითქვა, რომ საერთოდ არ მოდიოდა, იყო მინიმუმამდე დასული, ეს ყველაფერი გაირკვა, რომ იყო სპეკულაციები. წყალმზომებით იზომება წყლის დონე და არცერთი წინა დღის განმავლობაში და არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება. დანარჩენს იტყვიან კომპეტენტური პირები“, – განაცხადა კობახიძემ.
უკვე ახალ კამპანიას ვადევნებთ თვალყურს თითქოს, წინა დღეებში რაღაც დაფიქსირდა და ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება არ მოახდინა. ესეც ცალსახა დეზინფორმაციაა, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა გვიწევს, ესეც უნდა იყოს პასუხგაცემული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შოვში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, ქვეყანაში არსებობს 200-მდე სადგური, რომელიც წყლის დონის მონიტორინგს ახორციელებს და წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წყლის დონის ცვლილება. მან დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ მოხდა წყლის დაგუბება, ვინაიდან მონიტორინგის შესაბამის სისტემას არც ეს ფაქტი დაუფიქსირებია.
“ჩვენ ისეთ დეტალებში გავერკვიეთ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაშიც ბუნებრივია, მე პირადად მანამდე არ ვიყავი გარკვეული. ორი დღეა კომუნიკაცია გვაქვს ჰიდროლოგებთან, გეოლოგებთან და ჩვენთვის რომ სიახლეა, ისეთ დეტალებში ჩავედით. მაგალითად, ქვეყანაში 200-მდე სადგური არსებობს წყლის მონიტორინგის ერთიანი სისტემის ფარგლებში, საიდანაც გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გვეუბნებიან, რომ წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წინა დღის განმავლობაში, წყლის დონის ვერანაირი მატება ან კლება.
დეზინფორმაციაა ისიც, რომ იქ დაგუბება იყო. ხან იძახიან, რომ წყლის დონე მატულობდა – არც ერთი და არც მეორე, შესაბამისი მონიტორინგის სისტემას არ დაუფიქსირებია. უამრავი ასეთი დეზინფორმაციაა, რომელსაც, სამწუხაროდ აქვს კამპანიური ხასიათი. ყველა მათგანს გაეცემა პასუხი, მაგრამ დღეს, როდესაც ასეთი ტრაგედია ტრიალებს, როდესაც ამ სტიქიის შედეგებს ებრძვის სახელმწიფო, არ უნდა გვჭირდებოდეს პარალელურ რეჟიმში დეზინფორმაციასთან ბრძოლა, არ უნდა გვჭირდებოდეს ამ თემებზე საუბარი,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.