თუ მონიტორინგის სისტემები გამართული იქნებოდა სტიქიური უბედურების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო თუმცა მმართველი გუნდის წევრები საპირისპიროს ამტკიცებენ
რა გახდა შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზი - გეოლოგების დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

რამ გამოიწვია სტიქია შოვში და შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან არიდება? – რამდენიმე საათში გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგების დასკვნა გასაჯაროვდება. უწყების თანამშრომლებმა გუშინ დახურულ კარს მიღმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
როგორც სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, იმ შემთხვავაში, თუ მონიტორინგის სისტემები გამართული იქნებოდა, სტიქიური უბედურების თავიდან აცილება და სტიქიის მასშტაბების შემცირება შესაძლებელი იყო. თუმცა, მმართველი გუნდის წევრები საპირისპიროს ამტკიცებენ.
“შეწყვიტონ არაპროფესიონალებმა ამ საკითხისა, ძალიან ვთხოვ, არარელევანტური და არაკორექტული განცხადებების გაკეთებები. 21-ე საუკუნეა და მსოფლიოს აქვს წინასწარი შეტყობინების სისტემები, მეწყრული პროცესებისთვის, კლიმატური პროცესებისათვის, ვულკანური ამოფრქვევებისათვის და ბევრი სტიქიური მოვლენებისათვის, გარდა მიწისძვრისა. ეჭვის აღება და მონიტორინგი, იმიტომ, რომ გლაციალური ტბის ჩამოყალიბებას და შემდეგ გარღვევას დრო უნდა, ერთ წუთში და ორ წუთი არ ხდება,” – ამბობს თეა გოდოლაძე.
რა გახდა შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზი – გეოლოგების დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. დოკუმენტის გასაჯაროებამდე სპეციალისტები ამბობენ, რომ საკურორტო ზონაში ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია.
“”მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი, ეს არის მყინვარული დნობის პროცესი, კლდე-ზვავური მასის ჩამოშლა რასაც ღვარცოფული და მეწყრული პროცესები დაერთო”” – ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და მოუწოდებს საზოგადოებას სპეციალისტების დასკვნას დაელოდოს.
“ძალიან უცაბედ მყისიერი მოვლენის განვითრებას ჰქონდა ადგილი. ეს არის მყინვარული დნობის პროცესი. მოხდა კლდე-ზვაური მასის და მყინვარის ნაწილის ჩამოშლა. ძალიან სწრაფად განვითარდა ეს პროცესები ხეობაში, რასაც თან დაერთო თანდართული ღვარცოფული და თანმდევი მეწყრული პროცესები, რამოდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა ერთლობიობაში საქმე და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს მძიმე სურათი, რასაც ხეობაში ვხედავთ.
ამიტომ, მინდა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, როდესაც ასეთი რთული ემოციური ვითარება არის, უნდა მოვუსმინოთ სპეციალისტებს მაქსიმალურად, დავეყრდნოთ მონაცემებს და არ უნდა გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რაც საბოლოოდ საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს და კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ამ მძიმე ემოციურ ფონს. ჩემი თხოვნა იქნება ყველას მიმართ იმიტომ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციისგან შევიკავოთ თავი. სპეციალისტებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და ამ საკითხის ირგვლივ ყველა კითხვას გავცეთ ამომწურაქვი პასუხი,” – აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.