ქვეყანას დღეს რესურსების პრობლემა არ გააჩნია თუმცა სტიქიებთან დაკავშირებით ხშირად “უძლურები” ვართ

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, “სპეკულირების საგანი” გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა მინისტრი ამბობდა, რომ 2-3 წელში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების სისტემა გვექნებოდა.
“რა თქმა უნდა, ესეც გახდა, სამწუხარო, სპეკულირების საგანი, აქაც გადაწყვიტეს, რომ ალბათ პოლიტიკური ქულები დაეწერათ, ან სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოეხდინათ თემის, რაც ასევე სამწუხაროა და მე ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციის შეუსაბამოა”, – თქვა დავითაშვილმა.
მისი თქმით, “მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა”.
“მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე, ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს და გავაკეთოთ და გვაქვს ან გვექნება მომავალში, შეიძლება, მოხდეს ტრაგედიები, სამწუხაროდ და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ, შეიძლება, დაცვა ვერ მოვახერხოთ.
ამაზე უფრო დეტალურად სპეციალისტები საუბრობენ, თქვენ მოისმინეთ არაერთი წამყვანი გეოლოგის განცხადება მიმდინარე მოვლენებზე და შოვის კონკრეტულ სტიქიასთან დაკავშირებით, რომ აქ, რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, ჩვენ მყისიერად იმ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით და სამწუხაროდ, ეს გარდაუვალი შედეგი, ალბათ, დადგებოდა”, – განაცხადა დავითაშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა, რომ ქვეყანას დღეს რესურსების პრობლემა არ გააჩნია, თუმცა აღნიშნა, რომ სტიქიებთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში “უძლურები” არიან.
“ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცების პრევენცია ან რაღაცების თავიდან არიდება, ალბათ, შეუძლებელია ხოლმე.
ასეთი რამ ხდება არამხოლოდ საქართველოში, ხდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები არიან უძლური სტიქიური უბედურებების პრევენციის და აღკვეთის კუთხით”, – თქვა მინისტრმა.
მისივე მტკიცებით, სპეციალისტებიც საუბრობენ, რომ რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მყისიერად მეწყრულ პროცესებს ვერ შეაჩერებდნენ და “სამწუხაროდ, ეს გარდაუვალი შედეგი, ალბათ დადგებოდა”.
მისი თქმით, 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შეიძინეს და დაამონტაჟეს, რაც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას დააკვირდეს წყლის მატებას, ასევე, სადგურები იძლევა ამინდის ცვლილების შესახებ ინფორმაციას.
“ჩვენ შევაფასეთ 20 ასეთი მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გვაქვს, მაგრამ თქვენ იცით, რომ შოვში, მაგალითად იგივე ჩვენი ანალიზის შესაბამისად ასეთი ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა და შესაბამისად, წარმოუდგენელი იყო გათვლა”, – თქვა მინისტრმა.
ასევე მისი თქმით, შეიძინეს ორი თანამედროვე რადარი და საქართველოს მთელი ტერიტორია მეტეოროლოგიური კუთხით ჯამში სამი რადარითაა დაფარული.
დავითაშვილმა თქვა, რომ 11 მდინარის აუზში ჩატარდა ბუნებრივი საფრთხეების კვლევები რის საფუძველზეც რუკები გაკეთდა.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.
ცნობისთვის 5 წლის წინ, ჭუბერის ხეობაში, მდინარე ნენსკრას აუზში მომხდარი სტიქიის დროს, მაშინდელი გარემოს დაცვისა და დღევანდელი ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობდა, რომ 2-3 წელში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნებოდა. განცხადება მან 2018 წლის 6 ივლისს სტიქიის ზონაში ვიზიტის დროს გააკეთა.
“2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისათვის აუცილებელია”, – თქვა მაშინ ლევან დავითაშვილმა.
უცნობია რა ეტაპზეა სამუშაოები, რომლებზეც 5 წლის წინ სამინისტრო ამბობდა, რომ “აქტიურად” მუშაობდნენ.