მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რომის პაპ ფრანცისკეს მადლობას უხდის

საქართველოს საპატრიარქო რომის პაპ ფრანცისკესთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაგზავნილ სამადლობელ წერილს აქვეყნებს.

როგორც პატრიარქი წერილში აღნიშნავს, მადლიერებას გამოხატავს თანაგრძნობისათვის, რომელიც რომის პაპმა რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო გამოიჩინა.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და მის მსხვერპლთა გამო. თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.
ცნობისთვის რომის პაპი ფრანცისკე საქართველოსა და სლოვენიაში მომხდარ სტიქიებს ეხმაურება.

მისი თქმით, ლოცულობს მსხვერპლთათვის და მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებმაც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს.

„ბოლო დღეებში დრამატული ბუნებრივი მოვლენა მოხდა სლოვენიასა და საქართველოში, რამაც სიკვდილი და მატერიალური ზარალი გამოიწვია. ვლოცულობ მსხვერპლთათვის, გამოვხატავ სულიერ სიახლოვეს მათ ოჯახებთან და მათთან, რომლებიც ახლა სტიქიის შედეგებს ებრძვიან. მადლობას ვუხდი, ვინც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს, განსაკუთრებით, მოხალისეებს“, – განაცხადა რომის პაპმა.

შეგახსენებთ, საქართველოში, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონაში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ. სლოვენიაში გადაუღებელმა წვიმამ 4 ივლისს წყალდიდობა გამოიწვია. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წვიმის შემდეგ მეწყერი ჩამოწვა. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ცნობებით, ზარალის ოდენობა 500 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button