მნიშვნელოვანისიახლეები

შოვის სტიქიის საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭირო არ არის-ოპოზიცია და მმართველი გუნდი ვერ შეთნხმდნენ

"შოვის ტრაგედიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უმნიშვნელოვანესია"

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “შოვის ტრაგედიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უმნიშვნელოვანესია და ამ საკითხის ირგვლივ, ერთიანობაა საჭირო”.
კითხვაზე, რატომ არ არის ამ საკითხში ოპოზიციის ერთობა, ხაბეიშვილი ამბობს, რომ აჩქარება საჭირო არ არის.
“არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული დამნაშავეების შესახებ. ეს არის საკითხი, რაზეც ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები, რადგან ადამიანებს, მოქალაქეებს სჭირდებათ პასუხები”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია-ს” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, შოვის ტრაგედიაზე ჭეშმარიტების დასადგენად და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად, საჭიროა ინტერპელაციის წესით მოხდეს შს მინისტრის პარლამენტში დაბარება და საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან სრულიად ალოგიკურია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავად იძიებდეს საკუთარ შესაძლო დანაშაულს.
ბოკუჩავას თქმით, საზოგადოებაში არსებული კითხვების ამოსაწურად ერთი ინტერპელაციის წესი საკმარისი არ იქნება, მაგრამ ოპოზიცია ვალდებულია ეს კითხვები ყველა ფორმატში დასვას და ყველა საპარლამენტო ბერკეტი გამოიყენოს.
“ერთი ინტერპელაციის ფარგლებში, ამ კითხვების ამოწურვა ბუნებრივია ძალიან რთული იქნება. თუმცა ჩვენი ვალია, რომ ეს კითხვები ყველა ფორმატში დავსვათ, ყველა საპარლამენტო ბერკეტი ანგარიშვალდებულების და ზედამხედველობის გამოვიყენოთ. ინტერპელაციასთან ერთად და იმ მიზნით, რომ ყველა კითხვას ამომწურავად გაეცეს პასუხი და გამოვლინდნენ კონკრეტული დამნაშავეები, მათი არსებობის შემთხვევაში, რაზეც უკვე არაერთი ფაქტი მიანიშნებს ხელისუფლების დანაშაულებრივ უმოქმედობაზე. ამის დასადგენად, აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა. სრულიად ალოგიკურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ევალებოდა რეაგირება, თავადვე იძიებდეს, თავის შესაძლო დანაშაულს – ეს არის ნონსენსი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რადგან ეს ინიციატივა ამ მომენტისთვის უბრალო საბაბია იმისთვის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” კიდევ ერთხელ იხმაუროს.
“მე “ლელო” სულ მაოცებს, რა დროს პროკურატურაა. როგორ შეიძლება პოლიციას არ ენდობოდე და პროკურატურას ენდობოდე. რაღაცნაირ აბსურდს აქვს ადგილი, როდესაც ადამიანები ენდობიან ინსტიტუციებს ერთ მომენტში და მეორე მომენტში არ ენდობიან. მე მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ. მე რასაც დავაკვირდი, შოვის ტრაგედია იყო ყველა მხრიდან პოლიტიზებული, ყველა საკითხი იქნება ეს ინტერპელაცია თუ საგამოძიებო კომისია, ვუყურებ როგორც დამატებით საბაბს ამ თემაზე ილაპარაკონ. მე არ მჯერა, რომ კომისია შეიქმნება, ეს ამ მომენტისთვის უბრალო საბაბია, რომ კიდევ ერთხელ “ნაციონალური მოძრაობა” გავიხსენოთ, მეტი არაფერი”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ შოვის ტრაგედია, მათი მაშველი რგოლი უნდა იყოს.
მისი განმარტებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა არარეალისტურია, რადგან შესაბამისი უწყებები უკვე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს და გამოძიების შედეგების მიხედვით გადაწყდება, გადაკვალიფიცირდება თუ არა მუხლი.
“ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ეს ტრაგედია უნდა იყოს მათი მაშველი რგოლი. ვიცით რა მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სპეკულაციები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, თემის არგაციების ერთ-ერთი მიმართულებაა საგამოძიებო კომისიის შექმნა. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის რეალისტური მოთხოვნა, გამომდინარე იქიდან, რომ სამართალდამცავი უწყებები ატარებენ შესაბამის გამოძიებას და უნდა დაველოდოთ ამ გამოძიების საბოლოო შედეგს. ამასთან ერთად, მეცნიერების და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ არის მოცემული და დადებული, ამ ბუნებრივი კატასტროფის გამომწვევი მიზეზები და არსებობს ისეთი საპარლამენტო მექანიზმები, როგორიც არის ინტერპელაცია. ყოველ შემთხვევაში, გამოძიება დაწყებულია, მიცემული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და თუ გამოძიება აჩვენებს, რომ სხვა მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება რეალურ ფაქტებზე და არა ვიღაცის სურვილებზე ამ გამოძიების შესაძლო გადაკვალიფიცირება ამა თუ იმ მიმართულებით” , – განაცხადა ქადაგიშვილმა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, ნებისმიერი ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.
ოდიშარიას თქმით, იმის მაგივრად, რომ დაელოდონ გამოძიების დასრულებას, ოპოზიცია ცდილობს შექმნას პანიკა და დაზაფროს საზოგადოება.
“საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ემსახურება იმას, რომ ადამიანებს, რომელსაც ძალიან დაბალი აქვთ რეიტინგი, პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ვგულისხმობ, ნებისმიერ ასეთ ტრაგედიაზე მოახდინონ ტივტივი. ისინი ძალიან მალე იძირებიან და შემდეგ არიან იმის მოლოდინში, რომ იქნებ ქვეყანაში კიდევ დატრიალდეს რა, რათა კვლავ მოახერხონ და დაიწყონ საუბარი საგამოძიებო კომისიებზე, რაღაც კანონდარღვევებზე, აწყობენ პანიკებს, ქმნიან სახალხო ანტი შტაბებს. მათი კამპანიები ვერავის ვერაფერს ვერ დააკლებს საბოლოო ჯამში. გარდა იმისა, რომ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ოჯახებს ზაფრავენ. დაიწყო ძიება, პროცესს დავაკვირდეთ, თუ ვინმეს დარჩება შეკითხვები, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა არ დაზარდება, პროკურატურა ყოველთვის ზედამხედველობს საგამოძიებო საქმიანობას”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას შეფასებით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭირო არ არის.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, „საგამოძიებო კომისიის საშუალებით კიდევ იტივტივოს პოლიტიკურ დღის წესრიგში“.

„მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია, რადგან არ ვფიქრობ, რომ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის სპეციალური სამსახური, ვგულისხმობ სამაშველო სამსახურს, ასევე, იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ სხვები, არ სცემდნენ ზედმიწევნით ამომწურავ პასუხებს საზოგადოებას, მათ შორის ჟურნალისტებს, მათ შორის ოპოზიციურ ნაწილს. შესაბამისად, ეს არის მათი ცდა, რომ საგამოძიებო კომისიის საშუალებით კიდევ ერთხანს იტივტივონ პოლიტიკურ დღის წესრიგში. შესაბამისად, ამის საშუალებას მათ ალბათ საქართველოს პარლამენტი არ მისცემს“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button