მოსკოვის თავზე კვლავ დრონები გამოჩნდა

მოსკოვში 18 აგვისტოს, ღამით, საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდა, იტყობინებიან თვითმხილველები. ქალაქის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ჩამოგდებულია ერთი დრონი. რაიონ “მოსკვა სითიში”, სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევებისგან დაზიანდა „ექსპოცენტრის“ შენობა. ეს ბოლო ერთ თვეში მოსკოვზე დრონებით შეტევის მესამე შემთხვევაა.
წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. „ექსპოცენტრი“ რუსეთის მთავრობის შენობასთან (რუსეთის თეთრი სახლი) მდებარეობს. „ექსპოცენტრის“ ვებგვერდზე განთავსებული პროგრამით, 17-18 აგვისტოს იქ მხოლოდ ერთი ღონისძიებაა დაგეგმილი – „საბავშვო და ბავშვთა მოდის გამოფენა“.
გამოცემა Mash-ი წყაროს მიუთითებლად ირწმუნება, რომ ჩამოგდებულია უკრაინული კამიკაძე დრონი Бобёр-ი. იმავე ტიპის დრონი ჩამოაგდეს ან განადგურდა ჰაერში 11 აგვისტოს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხიდის მიდამოში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევი ასეთ შემთხვევებზე ოპერატიულად კომენტარს არ აკეთებს ხოლმე.
მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ვნუკოვოს აეროპორტის მიდამოში მოსკოვის დროით დილის ოთხის ნახევარზე დაიკეტა საჰაერო სივრცე და გაუქმდა რამდენიმე ფრენა. დილის 06:30 საათისთვის აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
მოგვიანებით საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ფრენები დროებით შეზღუდული იყო მოსკოვის ოთხივე აეროპორტში: ვნუკოვოში, დომოდედოვოში, შერემეტევოსა და ჟუკოვსკიში. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოთხივე აეროპორტი ერთდროულად დაიხურა.
აღსანიშნავია, რომ ექსპოცენტრის მახლობლად მდებარეობს რუსეთის მთავრობის შენობაც. სივრცე კრემლიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ დაახლოებით უკვე ოთხი ღამეა, რაც უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინელები მოსკოვზე “მორიგი ტერორისტული აქტის” ჩადენას ცდილობდნენ.
ქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაამატა, რომ დრონის ჩამოვარდნამ ერთსართულიანი პავილიონის ფასადის 20 კვადრატული მეტრი ფართობი დააზიანა