მოსკოვი კვლავ დრონებით თავდასხმას იგერიებს-უკრაინის თქმით რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 21 აგვისტოს, დილით განაცხადა, რომ მოსკოვთან „აღკვეთილია“ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები. სამინისტროს ორი ოფიციალური შეტყობინება დაახლოებით ერთი საათის შუალედით გაავრცელეს კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა. მათივე ცნობით, უსაფრთხოების მოტივით, მუშაობა შეაჩერეს მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირველი ინფორმაციით, დაახლოებით 06:50 საათისთვის, საჰაერო თავდაცვის ძალებმა „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის ტერიტორიის თავზე და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს“, რის შედეგადაც მან მართვა დაკარგა და დასახლებული პუნქტის, პოკროვსკოეს რაიონში ჩამოვარდა. მოსკოვში ირწმუნებიან, რომ არავინ დაშავებულა.
მეორე ინფორმაციით, 08:16 საათზე უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ისტრის რაიონში. სხვა წყაროებით ეს ცნობები გადამოწმებული არ არის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ორივე შემთხვევას უწოდებს „კიევის რეჟიმის მიერ ტერორისტული აქტის მცდელობას“.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, ისტრის რაიონში დრონის ნამსხვრევები დაეცა სააგარაკე სახლს და 2 ადამიანი დაშავდა.
2023 წლის მაისიდან, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა განხორციელდა. კიევი ამ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.
რუსეთმა უკრაინა დრონების თავდასხმაში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა – 18 აგვისტოს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 18 აგვისტოს გამთენიისას მოსკოვის ცენტრში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ეს ბოლო ერთ თვეში მოსკოვზე დრონებით შეტევის მესამე შემთხვევა იყო.
რუსეთის თავზე უკრაინული დრონები კვლავ გამოჩდნენ-თავდასხმა კურსკის რკინიგზის სადგურის შენობაზე