სტიქიის ზონაში კიდევ ორი ცხედარი იპოვეს-სულ გარდაცვლილი 31 ადამიანია

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
„მოგეხსენებათ, ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად, ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ამ დრომდე მაშველებმა, საერთო ჯამში, 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ცხედარი ზრდასრულ მამაკაცს ეკუთვნის, მეორე კი არასრულწლოვანს.
„საერთო ჯამში, ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. ამ დროისთვის ვეძებთ ორ ადამიანს“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, საძიებო სამუშაოები გრძელდება გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიამდე.
„ჩვენ გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიამდე გავაფართოვეთ საძიებო სამუშაოები. უშუალოდ გუმათჰესის დაგუბებაშიც დღეს ორი მცურავი საშუალებით, ნავით ვაკეთებთ შემოვლებს. მთელ ამ პერიმეტრზე მიმდინარეობს როგორც ფეხით, ისე ნავებით, კინოლოგების დახმარებით ძებნა-შველის ღონისძიება“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ზოგიერთ მონაკვეთში შეცვლილია მდინარის კალაპოტები.
„იმავე პრინციპით ვაგრძელებთ სამუშაოებს. კალაპოტებში ძალიან ბევრი პირადი, საყოფაცხოვრებო ნივთია ნაპოვნი, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა და ა.შ. ასე რომ, არის ალბათობა, რომ მდინარის კალაპოტებში ვნახოთ როგორც დაკარგულები, ასევე ჩვენთვის საინტერესო სხვადასხვა ნივთი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ძიებას აზრი ექნება და ყველა იმედი არ გადაიწურება.
„მაქსიმუმი არის, რომ ინახოს თითოეული ცხედრი. ამ ეტაპზე უკვე ორ ადამიანზე გვაქვს საუბარი. რაც შეეხება თეორიულ შანსებს, როგორც პირველივე დღეებში გავაჟღერეთ, გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე საბოლოოდ არ ამოიწურება ყველანაირი იმედი და სამუშაოების გაგრძელებას აზრი აღარ ექნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ შედეგები ალბათ იქნება ბოლომდე მიყვანილი, რაც ჩაფიქრებული გვაქვს“, – დასძინა თემურ მღებრიშვილმა.
ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15.00 საათისთვის მოვარდა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სტიქიის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია. ცნობები დაღუპულებსა და დაკარგულებზე მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.