მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომში მყოფ ქვეყანას საქართველოდან დამოუკიდებლობის დღე მოულოცეს

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, უკრაინას ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
„ვულოცავ ჩვენს მეგობარ უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი!!! უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას!“ – წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაური მეგობარ უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.
„გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას!” – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიულ მთლიანობას!“- წერს ირაკლი კობახიძე.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მილოცვის მიმართვა, საგარეო უწყება არ არის ამ ქვეყნის უკანა ეზო, მისი ოფიციალური განცხადება არის საქართველოს მთავრობის განცხადება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მიულოცეს უკრაინას დამოუკიდებლობის დღე თანამდებობის პირებმა საქართველოში.
რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას, ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მასში დისტანციურად მონაწილეობდა პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს. კითხვაზე, მიიღეს თუ არა მიწვევა მთავრობაში, ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

“საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ამ ქვეყანას, მერე რა რომ უამრავი აზრთა სხვაობა გაგვაჩნია, მათ შორის, ჩემი არჩევანიც არის სალომე ზურაბიშვილი, ამ ბოლო ხანს რომ სხვანაირად მსჯელობს ხოლმე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს, ან მე ან სხვას უფლება აქვს არალეგიტიმურ წარმომადგენლად აღიაროს ქვეყნის, ეს ხომ სისულელე იქნება?! ამგვარი სიბრიყვე რომ ვინმე ჩვენგანმა თქვას, ამას ხომ არ დაიჯერებთ არც ერთი წამი? ასე რომ, ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ამ ფორმატში, როგორც შარშან, ისე წელს მონაწილეობდა დისტანციურად, ეს მისი უფლებაა. აქამდე და ამის მერეც საქართველო იქნება უკრაინის გვერდით, მიუერთდება ყველა იმ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდება და მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის წარმატებას ამ სამამულო ომში, რომელსაც აწარმოებს პუტინის რეჟიმთან და რუსულ აგრესიულ სამხედრო მანქანასთან. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ ჰააგის სისხლის საერთაშორისო ტრიბუნალში უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ, რამდენიმე ქვეყანა იყო მხარდამჭერი, ბევრმა ეს ვერ გაბედა, ჩვენ ეს გავაკეთეთ პირველ რიგში უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის, იმ გმირების სულთა მოსახსენიებლად, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს თავი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას მუდმივად აქვს, მოუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ეს არაფერს ცვლის ამ მხარდაჭერაში, ვაგრძელებთ მეგობრობას, მერე რა, რომ ეს ამ ეტაპზე შეიძლება ცალმხრივად ჩანდეს. ელჩებიც დაბრუნდებიან დედაქალაქებში, ეს ურთიერთობებიც დალაგდება, რადგან ყველაფერი წარმავალია და რჩება მეგობრობა ერებს შორის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მილოცვის მიმართვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის სახელით. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის უკანა ეზო ამ ქვეყნის და ამ მთავრობის, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ქვეყნის, მათ შორის, თქვენიც. ამიტომ მისი ოფიციალური განცხადება არის საქართველოს მთავრობის განცხადება, იქნება სხვა განცხადებებიც, შესაბამისად დაელოდეთ,”- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ზეიმობს მისი დამოუკიდებლობის დღეს.
“ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო დღეს, თქვენთან ერთად აღნიშნავს თქვენი დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწადნახევარია. ერთად აღვნიშნავთ თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და “უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს”.

“გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!”, – აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში.

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს რუსეთთან ომის პირობებში. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button