დატბორილი დედაქალაქი- თბილისის მერია მოქალაქეებს გადაადგილებისგან თავის შეკვებას სთხოვს

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩების ნაწილი დაიტბორა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ მანქანებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება უჭირთ.
ამასთან, როგორც სოციალურ ქსელის მომხმარებლები წერენ, წყალი ჩავიდა მეტროს ვაგონებშიც. მათივე ცნობით, ელიავასთან რამდენიმე ხეა მოგლეჯილი.
“თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა.
ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამაშველო სამსახურში გამოძახებები ძირითადად, სარდაფების და მიწისქვეშა გადასასვლელების დატბორვის შესახებ არის შესული და მაშველები ამოტუმბვის სამუშაოებს ასრულებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მაშველები ამოტუმბვის სამუშაოებს ძირითადად, გლდანის რაიონში ახორციელებენ.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში პრობლემები იყო და მოძრაობა შეზღუდულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქლაივში განაცხადა.
კალაძის თქმით, უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში შექმნა.
„უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში შექმნა. კონკრეტულად, ყველაზე დიდი პრობლემებია გლდანის რაიონში, ასევე არის კონკრეტული ქუჩები, სადაც ხეები დაზიანდა. დაიტბორა ტერიტორიები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ცოტა მოგვიანებით მექნება ბრიფინგი და დეტალურად მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რას აკეთებს მერია, რა სამუშაოები ტარდება, რა ვითარებაა. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში პრობლემები იყო და მოძრაობა შეზღუდულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაცია. დედაქალაქის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, არსებობს ცხელი ხაზი და ყველამ ადამიანს, ვისაც გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ და შესაბამისი სამსახურები მოახდენენ რეაგირებას. სამაშველო სამსახური მობილიზებულია, გვეხმარებიან. ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ დედაქალაქის მერიის განცხადებით, 29 აგვისტოს ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს.