მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში ბორელის სტუმრობა იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს, რამდენიმე დღეში, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ეწვევა.

მისივე თქმით, ქართული მხარე მას ევრორეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

„ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით ამ 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში. დღეს, ერთ საათში ჩვენ გვენება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისო კომისია, სადაც ასევე განვიხილავთ, კიდევ ერთხელ მოვისმენთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი. ასე რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროინტეგრაციისთვის არაფერი გაუკეთებია.

„ბოლოს მინდა შევახსენო – არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს – ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შარშან, როცა კანდიდატის სტატუსის თემა იხილებოდა, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს საქმე ჩაჩეხილიყო, ახლაც როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, ნაცვლად იმისა, მთავრობა მუშაობდეს კონსოლიდაციაზე, მუშაობს დესტრუქციაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის ბარიერი “ქართული ოცნებაა”.

„ბორელს საქართველო და ქართველი ხალხი ხვდება წელში გამართული, გვინდა ევროკავშირში და აქეთ მივდივართ, საქართველოს მთავრობა და “ქართული ოცნება” ხვდება პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ლაპარაკით, რომელიც ევროპაში სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ბორელს და სხვებს შეხვედროდა და იმ საკითხებში, რაზეც საქართველოს დახმარება სჭირდება, დამატებით მხარდაჭერა მოეპოვებინა. ესაა “ქართული ოცნების” პოლიტიკა, შარშან როცა კანდიდატის სტატუსის თემა იხილებოდა, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს საქმე ჩაჩეხილიყო, ახლაც როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა მუშაობდეს კონსოლიდაციაზე ამ საკითხში, მუშაობს დესტრუქციაზე. აი, ამით ხვდება ის ბორელს. კარგი ამბავი ისაა, რომ ბორელს და სხვებს ესმით ქართველი ხალხის სურვილი და შუაში ბარიერად აღმართული “ქართული ოცნება” ამ პროცესს ვერ შეაფერხებს,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button