პრეზიდენტმა ზელენსკიმ რეზნიკოვი თანამდებობიდან გადააყენა

ალექსეი რეზნიკოვმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის რადას წარუდგინა.
დღეს, 4 სექტემბერს დილით, ოლექსი რეზნიკოვმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ეს გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების აღსასრულებლად და მზად არის ანგარიშის ჩასაბარებლად.
„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის უმაღლეს რადას გადავეცი“, – დაწერა რეზნიკოვმა.
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის სახელზე დაწერილ, 4 სექტემბრით დათარიღებულ განცხადებაში, რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ სრულმასშტაბიანი ომის 550 დღის განმავლობაში გათავისუფლებულია ოკუპირებული ტერიტორიების 50%-ზე მეტი. ოლექსი რეზნიკოვი ხაზს უსვამს პარტნიორი სახელმწიფოებისგან იარაღის მიღებასა და ნატოსთან მაქსიმალურ დაახლოებასაც.
მიმდინარე კვირაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, რეზნიკოვის ნაცვლად, რუსტემ უმეროვის დანიშვნა იგეგმება, რომელიც ახლა სახელმწიფო ქონების ფონდს ხელმძღვანელობს.
გადავწყვიტე უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი საღამოს ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რეზნიკოვს რუსტემ უმეროვი შეცვლის. ახალი მინისტრი რადამ უნდა დაამტკიცოს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 3 სექტემბერს, ღამით დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ მისი გადაწყვეტილებით, რეზნიკოვი დატოვებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას
“ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გაიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. სამინისტროს რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს ამ ადამიანს და ბატონ უმეროვს დამატებითი შესავალი არ სჭირდება. ველოდები, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ კანდიდატურას“ განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოლექსი რეზნიკოვი დიდ ბრიტანეთში, ელჩად დაინიშნება.
უკრაინის უმაღლესი რადა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ალექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას 5 სექტემბერს განიხილავს, რუსტემ უმეროვის კანდიდატურის განხილვა კი 6 სექტემბერს იგეგმება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტმა 5 სექტემბერს უმეროვი სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. ცნობილია, რომ ხვალვე რუსტემ უმეროვი აპირებს, დაესწროს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ სხდომას, სადაც სახალხო დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
რეზნიკოვის გადაყენების შემდეგ პრეზიდენტის წინადადება თავდაცვის მინისტრად უმეროვის დანიშვნის შესახებ პარლამენტს უნდა წარედგინოს. ამის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტი მის დოკუმენტებს განიხილავს და დანიშვნის შესახებ დადგენილების პროექტს მოამზადებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა პარლამენტს პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა.
ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე იკავებდა.
ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რეზნიკოვის შემცვლელად პარლამენტს წარუდგენს რუსტემ უმეროვს, რომელიც ამჟამად სახელმწიფო ქონების მართვის ფონდს ხელმძღვანელობს.
ინფორმაცია, რომ რეზნიკოვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, პირველად იანვრის ბოლოს გავრცელდა, რასაც წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება სამხედროთა კვებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემის შესახებ.