აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევს ეწვია
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე დღეს კიევში უკრაინის პირველი ლედის ინიციატივით გასამართ ყოველწლიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ იუწყება.
ბლინკენის შესაძლო ვიზიტის შესახებ უკრაინული მედია არაოფიციალურად წერდა, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ბლინკენის კიევში ჩასვლამდე უკრაინის დედაქალაქი რუსეთი მხრიდან საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. საჰაერო თავდასხმის საფრთხე ბლინკენის კიევში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაუქმდა.
აშშ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 29 აგვისტომდე, აშშ-მა უკრაინას გაუწია 43 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
კონტრშეტევაში უკრაინის პროგრესი ძალიან გამამხნევებელია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
ზელენსკისთან საუბრისას ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს “მტკიცედ აქვს განსაზღვრული განაგრძოს [უკრაინასთან] გვერდიგვერდ სიარული” და აღნიშნა, რომ კონტრშეტევაში უკრაინის პროგრესი “ძალიან, ძალიან გამამხნევებელია.”
“პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა ჩამოვსულიყავი, რათა განმეორებით დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონტრშეტევის ამჟამინდელი გამოწვევისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ ჩვენ და სხვა ქვეყნები, ისევე როგორც გრძელვადიან ძალისხმევას ვდებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას მომავლის ძალა შექმნას, რომელსაც ნებისმიერ სამომავლო აგრესიის შეკავება და მის წინააღმდეგ დაცვა შეუძლია,” – განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ფრონტის ხაზზე ვიზიტის შემდეგ მისგან შეფასებებს ელის.
“ვიცი, რომ სულ ცოტა ხნის წინ ფრონტის ხაზზე იყავით და ყველანი მზად ვართ, თქენი შეფასება მოვისმინოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ახლა კონტრშეტევაში მიიღწევა და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია”, – განაცხადა ბლინკენმა.
მე აქ ვარ, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ ვაჩვენო ჩვენი მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერა უკრაინას, მაშინ როცა ის რუსულ აგრესიას ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ წარმატების მიღწევა კონტრშეტევაში, არამედ სჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში, ძლიერი შემაკავებელი ძალის ქონა, ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა მომავალში მსგავსი აგრესია აღარ განმეორდეს.
ენტონი ბლინკენი კიევში ბოლოს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო ჩასული. მანამდე ბლინკენი უკრაინაში 2022 წლის აპრილსა და სექტემბერში პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფებოდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა ჰაკობიანი, დღეს კიევში, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით გასამართ ყოველწლიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” სომხეთის ბიურო ავრცელებს.
სომხეთის ლიდერის მეუღლის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სამიტის ვებგვერდზე ქვეყნდება.
ღონისძიების მონაწილეებს გახსნის სიტყვით მიესალმება უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.
წლევანდელ სამიტს ესწრებიან დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, თურქეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, დანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების ლიდერების მეუღლეები, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, ცნობილი ჟურნალისტები და მსახიობები.
წლევანდელი სამიტის თემა ფსიქიკური ჯანმრთელობაა, გაიმართება პანელური დისკუსიები.
გარდა ამისა, სომხეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში. სავარაუდოდ, ანა ჰაკობიანი ამ დახმარებას კიევს დღეს გადასცემს.