ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე, ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ და მის მიმართ დარღვევა არ დაადგინა.
კერძოდ, როგორც სტრასბურგის განმარტებაშია აღნიშნული, მელია დაობდა კონვენციის ორ მუხლს, მე-5-სა და მე-18-ს. მათი ცნობით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ასევე, უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.
„მიზეზები, თუ რატომ იყო საჭირო პრევენციული ზომების გამოყენება მისი მიმალვის, მტკიცებულებების ხელყოფის ან ხელახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, სრულად იყო წარმოდგენილი 2019 წლის 27 ივნისისა და 2 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებებში. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა გირაოს წინასწარ პატიმრობაში გადაქცევას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების დადგენილების დაუცველობის სიტუაციებში.
სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია დაუსაბუთებლად პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომელიც ეფუძნება ამ უკანასკნელის განხილვაში არსებულ სხვადასხვა ელემენტს, რომ 2019 წლის 27 ივნისისა და 2 ივლისის გადაწყვეტილებებში მითითებული რისკები კვლავ არსებობდა 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც ამართლებდა გირაოს წინასწარი პატიმრობით შეცვლას. ეს დაპატიმრება შეფარდებული იქნა, როგორც უკანასკნელი საშუალება მას შემდეგ, რაც მელიამ აშკარა უარი თქვა გირაოს დადგენილების შესრულებაზე. სასამართლომ გააცნობიერა, რომ მელიას ქმედებები, შესაძლოა, განხილული ყოფილიყო იმ დროისთვის ქვეყანაში არსებული აშკარად დაძაბული პოლიტიკური გარემოს, მისი, როგორც პოლიტიკოსის სტატუსისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ფართო კონტექსტში. თუმცა, ჩანდა, რომ გირაოს ბრძანების შეუსრულებლობისთვის რაიმე სამართლებრივი შედეგის ნაცვლად, მელია ელოდა, რომ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებიდან წელიწად-ნახევრის გასვლის გათვალისწინებით, პრევენციული ღონისძიებები საერთოდ გაუქმდებოდა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლბეთა კონვენციის ამგვარი ინტერპრეტაცია არ შეესაბამება კონვენციის სულისკვეთებასა და კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელიც ეფუძნება მე-5 მუხლის პირველ პუნქტს. შესაბამისად, სასამართლომ არ დაადგინა ამ მუხლის დარღვევა.
რაც შეეხება ბრალდებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სურდა მელიას საქართველოში პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება, სტრასბურგის სასამართლომ ვერ უგულვებელყო ის ფაქტი, რომ ქართულმა სასამართლოებმა, რომლებიც ეყრდნობოდნენ მელიას თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვის მნიშვნელობას, თავდაპირველად უარყვეს პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ხელისუფლებამ მას არ შეუზღუდა საპარლამენტო მანდატის განხორციელება, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობა და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, რამაც მას მოუტანა პარლამენტში განახლებული ადგილი. ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეჩერდა, რათა მას ჰქონოდა შესაძლებლობა, საპარლამენტო არჩევნებში სათანადოდ მიეღო მონაწილეობა“, – აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში.
საქმე ეხება 2019 წლის ივნისის მოვლენებს – პროკურატურა მას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებოდა. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.
17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო.
23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს. მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. ნიკა მელია რუსთავის ციხიდან 10 მაისს გათავისუფლდა. მან საპატიმრო დაწესებულება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მოსამართლემ მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ამის საფუძველი გახდა ევროკავშირის მიერ 7 მაისს გადახდილი გირაოს თანხა.