უხვმა ნალექმა ზუგდიდში სახლების ეზოები და გზის სავალი ნაწილი დატბორა

მოვარდნილმა უხვმა ნალექმა ზუგდიდში სახლების ეზოები და გზის სავალი ნაწილი დატბორა.
განსაკუთრებით, მძიმე ვითარებაა მესხიას, გამსახურდიას, ქუთაისის და თავისუფლების,მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებზე.
“ასეთ ნალექს რა სანიაღვრე გაუძლებდაო , ამბობენ მავანნი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციასა და სანიაღვრე სისტემის გამართვაზე, დღეს ისეთი ქუჩები და ეზოები იტბორება, რომლებსაც რეაბილიტაციამდე პრობლემა არ ქონდა, მიუხედავად უხვი ნალექისა.
სამწუხაროდ, ეს სამუშაოები განხორციელდა ისე, რომ არ იყო დაპროექტებული ერთიანი სანიაღვრე მაკრო სისტემა. თუ ერთ კონკრეტულ გზაზე კეთდებოდა სანიაღვრე არხი და გაანგარიშებული იყო წყლის მოცილება, იმის იქით რა ხდებოდა, არ იყო გათვლილი. შედეგად, ზუგდიდის ქუჩებში იქმნება სიტუაცია, სადაც სამი, ოთხი ქუჩის სანიაღვრე არხების წყალი ერთად იკრიბება და მას გასასვლელი არ აქვს.”,-წერს ზუგდიდელი ეკა მინჯორაია სოციალურ ქსელში.
რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა, რის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანდა ავეჯი, საოჯახო ტექნიკა და ნივთები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის რამდენიმე უბანში ვითარებას ეცნობიან.
მიმდინარეობს სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ზუგდიდში აღარ წვიმს, დატბორილი ადგილების უმეტეს ნაწილში წყალი დაიწრიტა.