მნიშვნელოვანისიახლეები

ღარიბაშვილის ჩარტერზე ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა და ამ განმარტებას ოცნება ენდობა

“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან პრემიერის მიმართ პრეტენზიები უსაფუძვლოა და ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ვიზიტები საკუთარი ხარჯებით დაფარა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დეკლარაციაშიც აისახა.
“მე არაერთხელ მოვუწოდე რადიკალურ ოპოზიციას, რომ ცუდ სიზმრებს რომ ნახავენ, დილით რომ ადგებიან, წყალს გაატანონ, ან ლოცვები წაიკითხონ და ა.შ. იმიტომ, რომ ჯერ ერთი წელი ეძებდნენ შავ ხვრელებს ქვეყანაში, შემდეგ თვითონ ამერიკელებმა და ბრიტანელებმა უთხრა, რომ დაანებეთ თავი ამ შავ ხვრელებს, არ არის საქართველოშიო და ა.შ. იგივეა პრემიერთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი – ითქვა ამასთან დაკავშირებით, რომ თუ რამე კერძო ვიზიტი იყო, პრემიერმა თავის ხარჯებით დააფინანსა და ამას ნახავენ ისინი დეკლარაციაში. არ შეეშალოთ წინა ხელისუფლების მეთაურისგან, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრების სწავლას აფინანსებდა ბიუჯეტიდან და ა.შ. ამაზე არავინ არ წამოეგება, ქართული საზოგადოება საკმაოდ განათლებულია. მათ შორის, სახელმწიფოებრივად, რომ ასეთ მინი პროვოკაციულ საკითხებზე არ წამოეგოს,”- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების “არანაირი საფუძველი არ არის”.
პაპუაშვილის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ გააკეთა განმარტება, რომ ღარიბაშვილის ვიზიტისას “საბიუჯეტო თანხის არცერთი თეთრი არ დახარჯულა” და ამ განმარტებას “ენდობიან”.
“არანაირი საფუძველი იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არ არის. ითქვა ხაზგასმით, რომ არცერთი თეთრი საბიუჯეტო თანხისა არ დახარჯულა და სრულად დაფარულია ეს ხარჯები პრემიერის მიერ, ეს ერთი და მათ შორის, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც იმ ე.წ. საგამოძიებო რეპორტაჟში, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობითაც კი არავის უთქვამს, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა. შეიქმნა აღქმა, რომ თითქოს ბიუჯეტის ხარჯით იყო, ამაზე განმარტება გააკეთა როგორც ადმინისტრაციამ, ისე შესაბამისმა უწყებებმა, ვინც პასუხისმგებელია, ყველამ გააკეთა განმარტება, რომ არცერთი თეთრი არაა ბიუჯეტიდან დახარჯული და მეორეს მხრივ, გაკეთდა განცხადება, რომ მოხდება ყველა ხარჯის დეკლარირება.
საქართველოს პარლამენტის სახელით, საბიუჯეტო თანხების ხარჯვას აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც ასეთ საკითხებს სწავლობს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებით პარლამენტი იღებს ხოლმე მონაცემებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გაკეთდა განმარტება, ყველა პასუხისმგებელი პირის მიერ, რომ არცერთი თეთრი საჯარო საბიუჯეტო თანხებიდან არ დახარჯულა და რა თქმა უნდა, ამ განმარტებას ჩვენ ვენდობით. საზოგადოებაც, რა თქმა უნდა, ენდობა. […] ბორტთან დაკავშირებით განმარტებები იყო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება ამ ბორტის გამოყენება კომერციული მიზნით, ამიტომ არაფერი სიახლე ამაში არ არის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან პირადი ვიზიტისთვის არც ერთი თეთრი არ გამოუყენებია. ამილახვარის განცხადებით, ამაში მოსახლეობა დარწმუნდება, როდესაც შესაბამისი დეკლარაცია გასაჯაროვდება.
“იმ მოღალატეებს, ვისაც ასეთი რაღაცები უკეთებიათ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ქურდს ჯიბე ეწოდაო, ახლა წარმოუდგენიათ მათ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ნებისმიერი მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი თუ სხვა მაღალჩინოსანი რაიმე მსგავს იკადრებს ან თავში მოუვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ, ტყუილად ცდილობთ თქვენ რაღაცა ღია კარის მტვრევას იქ, სადაც მსგავსი არაფერი არსებობს. ნათლად განიმარტა, რომ არც ერთი თეთრი ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან არ გამოუყენებია მისი პირადი ვიზიტისთვის. სხვა დანარჩენზე თავადაც დეკლარაციაში იხილავთ როცა ამის დრო მოვა, თუ რა წყაროები დაფინანსდა,” – აცხადებს გიორგი ამილახვარი.

მთავარია, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ არის გადახდილი. მთავარი ეს არის, მე მგონი ჩვენს მოსახლეობას ეს აინტერესებს. სახელმწიფომ გაიღო თუ არა ეს ხარჯი. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, რომ არა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დამატებითი დეტალებისთვის ჟურნალისტებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა მიმართონ.
“არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელშეკრულებას, როდის დაიდო ეს ხელშეკრულება, ვერ გეტყვით, ამის შესახებ უნდა მიმართოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. კონკრეტული დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ გარკვეული კომუნიკაცია მე დარწმუნებული ვარ, არსებობს მასსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელიც უზრუნველყოფს მის ფრენებს. რაც შეეხება ხელშეკრულებას, მე უკვე გიპასუხეთ, რომ უნდა მიმართოთ ბატონ ანზორ ჩუბინიძის უწყებას. ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია იქნება წარმოდგენილი ბატონი ანზორ ჩუბინიძის უწყებაში.
პირთა წრე საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს, ოჯახის წევრებმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ პროცესში? მთავარია, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ არის გადახდილი. მთავარი ეს არის, მე მგონი ჩვენს მოსახლეობას ეს აინტერესებს. სახელმწიფომ გაიღო თუ არა ეს ხარჯი. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, რომ არა. უნდა მიმართოთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის უწყებას და დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებს შესაბამის კომენტარს და განცხადებას,” – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

ამ მოგზაურობაზე ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა მაღალჩინოსნების პირადი მოგზაურობის, თუ სხვა ხარჯების დაფარვა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, საზოგადოება აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებს.
„თქვენს ადგილას, წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებდი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა მაღალჩინოსნების პირადი მოგზაურობის, თუ სხვა ხარჯების დაფარვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოგზაურობას, ამ შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. ყველა ადამიანს და განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის მეთაურს, აქვს სრული უფლება, საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველაფერი, რასაც საჭიროდ და მიზანშეწონილად მიიჩნევს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დეკლარაცია იქნება შევსებული და საზოგადოება კარგად ნახავს ამ ხარჯების წარმომავლობასაც. ამიტომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პარალელი გაევლოს იმ ფუქსავატობასა და მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებას შორის, რასაც წინა ხელისუფლების დროს ყოველდღიურად ვაწყდებოდით, ამ პარალელის გავლება შეუძლებელი იქნება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პრემიერმინისტრი ჩარტერულ რეისზე თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. ის ამბობს, რომ ეს არის მცდელობა, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს “გადაეფაროს”.
“პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი – არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა, შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი.
ეს არის რაღაცნაირად, უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი ამ ყველაფერს არ აქვს, თუმცა ეს არის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან უსუსური მცდელობა”, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, საიდან ჰქონდა პრემიერს ჩარტერის ბიუჯეტი, კობახიძე ამბობს, რომ ყველაფერი იქნება “საჯარო” და დეკლარაციაში აისახება.

თბილისის მერი, კახა კალაძეც იმეორებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერის შესახებ საუბარი “სხვა საკითხების გადაფარვის მცდელობაა”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა და მაგალითად მოიყვანა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი.
“ეს არის მიზანმიმართული, ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ – ძალიან ბევრი განცხადება იქნა გაკეთებული აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები, პირდაპირ მთავრობის მხრიდან განცხადებაც იყო გაკეთებული, რომ ეს იყო პრემიერმინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.
რაც შეეხება ბიუჯეტის საკითხს, რეალურად რომ შევხედოთ, ეს არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, რომელიც დღეს აქტუალურია, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი, იმიტომ, რომ გვაქვს ძალიან დიდი დანაშაული, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ეს არის უმძიმესი საკითხი ქვეყნის, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კანონს, არღვევს კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმეა. რეალურად, პოლიტიკური საკითხებით ხდება ასეთი საკითხების გადაფარვის მცდელობა”, – თქვა კალაძემ.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა – მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.
9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა – მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, პრემიერის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს პარტია “ლელო,” “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button