მაროკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 862 ადამიანი დაიღუპა

მაროკოში, მიწისძვრით განადგურებულ რაიონებში, გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. მაროკოელ მაშველებსა და მოხალისეებს დახმარებას უწევენ მაშველები ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან, კატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩასული ჯგუფები. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა, თურქეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ რათა 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისას გადარჩენილები იპოვონ.
მაროკოს სახელმწიფო ტელევიზიის მიერ 11 სექტემბერს, ღამით, გამოქვეყნებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 862-ს მიაღწია. დაშავდა 2 562 ადამიანი. მსხვერპლი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, რადგან სტიქიური უბედურების ზონის დიდი ნაწილი რთულად მისადგომ ტერიტორიაზეა და იქ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რთულად მიმდინარეობს.
დასახლება ტინმელში თითქმის ყველა სახლი დაინგრა. 59 წლის მუჰამედ ელჰასანი ყვება, რომ ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა, როდესაც მიწისძვრა მოხდა. მისი 31 წლის შვილი ქუჩაში გავარდა და მეზობლის სახურავის ნაწილი დაეცა ელჰანის თქმით, შველას ითხოვდა და შვილს ეძებდა, თუმცა სანამ ნანგრევებში იპოვა, მისი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო.
“სახლში რომ დარჩენილიყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა”.
ტინმელსა და სხვა სოფლებში მოსახლეობა ყვება, რომ ნანგრევებიდან ხალხი შიშველი ხელებით გამოჰყავდათ.
მიწისძვრის ეპიცენტრი მარაქეშიდან დაახლოებით 72 კილომეტრშია, სადაც ძველ ქალაქში ისტორიული შენობები დაინგრა, რომელთაგან ნაწილი UNESCO-ს სიაში არის შეყვანილი. მიწისძვრამ სერიოზული ზიანი მიაყენა ისტორიული მნიშვნელობის მე-12 საუკუნის ტინმელის მეჩეთს.
მაროკოში 8 სექტემბერს მოხდა 6,8 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი მარაკეში-საფის რეგიონში, ქალაქ მარაკეშიდან დაახლოებით 72 კილომეტრში, ატლასის მთებში მდებარეობდა გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მოხდა.
მიწისძვრა პარასკევს ღამით ატლასის მთებში მოხდა და ტრადიციული, ტალახის აგურის სახლები დაანგრია.