ენმ ოპოზიას მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მათი საპარლამენტო ფრაქცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ისინი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში. ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“მიზანი ამ კამპანიის არის, ერთი მხრივ, პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს ის არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულობისათვის იბრძვის და უნდა ჩაანაცვლოს მან სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები. ეს, ბუნებრივია, ივანიშვილის და ქართული ოცნების თამაშებშია. ენმ ამ ქოცურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს. მოვუწოდებთ ყველა პროდასავლელ ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ ჯგუფებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი, ვინაიდან ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას”, – ამბობს ის.
ბეჟაშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობას მხოლოდ ენმ-ს ფრაქციის წევრებზე იღებენ.
“სხვა წევრებიც, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბლოკის სიით, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ და არც ავიღებთ”, – აღნიშნავს ბეჟაშვილი.
ამასთან ცფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ იქნებიან.
„იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები, ყოველგვარი სპეკულაციები, იმისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყოს მტკიცე, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში, მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად ისახავს მიზნად იმას, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა პოლიტიკური საბჭოს მიერ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას”, თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში არც ისინი შევიდნენ.
საკითხს, პარტია ამ დროისთვის “პოლიტსაბჭოს” სხდომაზე განიხილავს. მსჯელობენ სამოქმედო გეგმაზე. იდეა დარბაზის დატოვების შესახებ მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვის.
ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ფრთა “ქართული ოცნების” სავარაუდო მოკავშირედ, ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს.
“ვიმსჯელებთ მოგონილი, თავად რომ გამოიგონეს მათივე ხელდასმული იმპიჩმენტზე, ეს ქალბატონი არავის აურჩევია, მოპარეს ხალხს არჩევნები და ისეა ქალბატონი ზურაბიშვილი არჩეული. ამიტომ, “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია არის ის, რომ ამ სიგიჟეში, იმპიჩმენტში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, მას შეუძლია ევროკავშირს დიდი ნაბიჯით მიგვაახლოოს, თუ პოლიტიკურ პატიმარს გაათავისუფლებს – ამას კი არ აკეთებს. ამიტომ, სწორი აღქმები აქვს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მას არ უყურებენ სერიოზულად,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში 12 სექტემბერს შეიტანა. წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი. წარდგინებისთვის საჭირო იყო მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა.
80 დეპუტატს შორის ერთ-ერთი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია. მისი თქმით, პრეზიდენტს ედავებიან ქვეყნის კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც: „[პრეზიდენტი] მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან…”
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის დედაქალაქებში.
მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი – 56.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.
ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.