უკრაინა თავად გადაწყვეტს თუ როგორ გამოიყენებს ATACMS-ის რაკეტებს-ბლინკენი

ის, თუ როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ATACMS რაკეტებს, მათი საქმეა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინისთვის ATACMS რაკეტების გადაცემის შესაძლებლობის კომენტირებისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების ყოველი სისტემის გადაცემისას რიგი ფაქტორების გათვალისწინება ხდება.
„უკრაინელებს მათი ეფექტიანად გამოყენება უნდა შეეძლოთ. ასევე ახალი რთული სისტემები მომსახურებას ითხოვენ, და, რა თქმა უნდა, ამით დაკავებულები ვართ”, – განაცხადა ბლინკენმა. მან აღნიშნა, რომ ის, თუ როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ამ იარაღს, „მათი საქმეა”.
„და მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტიანი მათი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი საკუთარი პოლიტიკის მიხედვით, უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩვენი შეიარაღების სისტემების გამოყენებას არ ვაქეზებთ და არ ვუშვებთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა ბლინკენმა.
გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინას ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გადასცემს.
არავის სურს მსოფლიოში სასტიკ, აგრესიულ ომთან შეგუება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბერლინი უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენ ხანსაც უკრაინას დასჭირდება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, სანამ მათ სჭირდებათ. პუტინი სიცარიელეში მიდის, თუ ფიქრობს, რომ მსოფლიო ომს შეეგუება, რადგან სხვა პრობლემებია. ეს არ არის მხოლოდ იარაღის გაგზავნა უკრაინაში, ეს ასევე ეხება ჰუმანიტარულ ასპექტს, ინფრასტრუქტურის დაცვას და გატაცებული და წაყვანილი ბავშვების დაბრუნებას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების და ათობით სხვა ქვეყნის „მტკიცე მხარდაჭერა“ უკრაინის მიმართ გაგრძელდება როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური და ჰუმანიტარული. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა გერმანიას კიევის მხარდაჭერის „ლიდერობისთვის“ და აღნიშნა, რომ აშშ-ს შემდეგ გერმანია უკრაინის მეორე მხარდამჭერია მსოფლიოში.
Europeyska Pravda-ს ცნობით, გერმანული კომპანია Quantum Systems უკრაინას 100 დრონს გადასცემს.
“გერმანული კომპანია Quantum Systems კიევს ახალი თაობის 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს, რომელიც უკრაინაში უკვე გამოცადეს,” – ამბობს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.
მისი თქმით, შესაბამისი შეთანხმება ინვესტორთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან გერმანიაში გამართულ ერთ-ერთ სამიტზე იქნა მიღწეული.