მნიშვნელოვანისიახლეები

ხელისუფლება ხალხის ხარჯზე მდიდრდება როდესაც რიგითი მოქალაქეები ღარიბდებიან-ენმ ფარცხალაძის ღარიბაშვილისა და კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოთარ ფარცხალაძის, ირაკლი ღარიბაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ამის შესახებ პარტიის რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბორტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის წევრების თქმით, სწორედ ფარცხალაძე, ღარიბაშვილი და კალაძე მოქმედებენ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ.

“ჩვენ მოვითხოვთ, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილზე და კახა კალაძეზე, რომლებიც საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას. დღეს ხელისუფლებაში იმყოფება „დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თბილისის მერის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას აპროტესტებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხის ხარჯზე მდიდრდება და ფუფუნებაში ცხოვრობს იმ დროს, როდესაც რიგითი მოქალაქეები ღარიბდებიან.

„მმართველობის მე-11 წელს მმართველმა პარტიამ მთლიანად დაამკვიდრა საქართველოში ოლიგარქია. ნოდარ მელაძის შაბათში ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ პირდაპირი მტკიცებულება ვნახეთ ოლიგარქიის. სწორედ ამ ოლიგარქიისგან გათავისუფლებაზე გველაპარაკება ევროკავშირი, თუ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ. ხელისუფლება პირადი ინტერესებისთვის იყენებს სახელმწიფო საკუთრებას, მეორე მხრივ, ხალხი უკიდურეს სიღარიბეშია. 300 ლარს უგდებენ ადამიანებს, რომ „ჩუმად იყავი, ჩემი დავალებები შეასრულე, თვითონ მილიონებს ხარჯავენ საკუთარი ფუფუნებისთვის და ძარცვავენ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ტვ პირველის მიერ მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად სამთავრობო თვითმფრინავით დედაქალაქის მერი, კახა კალაძეს დაფრინავდა. რეპორტაჟში დეტალურად არის აღწერილი როდის და სად მიფრინავდა კალაძე ოჯახთან ერთად.

„სამთავრობო ფრენების რადარის ჩანაწერებში “შაბათის ეთერმა” აღმოაჩინა შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავს განაცხადი ერთ მიმართულებაზე ჰქონდა გაკეთებული, გზაში, კი ბორტზე მყოფი პირების სურვილის მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავს, მართლაც ტაქსივით გეზს აცვლევინებდნენ და სხვა ქვეყნისკენ ატრიალებდნენ. ცნობილია ისიც, რომ ფრენების გადახდის შესახებ ინფორმაცია კალაძის მიერ შევსებულ გასული წლების დეკლარაციებში ასახული არ არის“, – ნათქვამია ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

თბილისის მერი კახა კალაძეც ადასტურებს, რომ სამთავრობო თვითმფრინავს პირადი დანიშნულებით იყენებდა.

კახა კალაძეს თვითმფრინავის დასაქირავებლად გაწეული ხარჯები დეკლარაციაში დეტალურად არ აქვს ახსნილი. ტელეკომპანიას ასეთ მაგალითად მოაქვს კალაძის მიერ სამთავრობო თვითმფრინავით შვეიცარიასა და დუბაიში დასასვენებლად გაფრენა.

„ეს არის პირადი მოგზაურობა და პირადი ხარჯი იყო. ყველაფერი არის აღწერილი დეკლარაციაში ჩემს ხარჯებთან დაკავშირებით. ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული, ყოფილა შემთხვევები, როცა სხვას გადაუხდია და გავყოლილვარ. ყველაფერი არის შესაბამის უწყებაში, მიმართეთ და მოგაწვდიან ინფორმაციას ყველა მიღებულ თანხაზე“, — განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, სამთავრობო თვითმფრინავს „გადაუდებელი აუცილებლობის“ დროს იყენებს. ჟურნალისტის კითხვაზე, დუბაიში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წასვლა იყო თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, კალაძე პასუხობს, კი, გადაუდებელი აუცილებლობა იყოო.

„ვერ ნახავთ ვერც ერთ შემთხვევას, სადაც კახა კალაძეს ოდესმე ბიუჯეტით უსარგებლია ან ბიუჯეტიდან სარგებელი მიუღია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სანქციების გამოცხადების დღეს ოთარ ფარცხალაძე საქართველოში იმყოფებოდა. ვაშაძის თქმით, ახლა ქართულ ოცნებას სურს, “ფარცხალაძე ქვეყნიდან გააპაროს”.

“მხოლოდ განცხადება, რომ მოკვლევა დაიწყო, არაფერს არ ნიშნავს. ეს განცხადება ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს საქართველოში, სურს, გააპაროს ოთარ ფარცხალაძე ქვეყნიდან. მე კითხვას ვუსვამ საგამოძიებო ორგანოებს: სად იმყოფება ახლა ოთარ ფარცხალაძე? ჩვენი ინფორმაციით, ის, ამ სანქციების გამოქვეყნების დღეს, იმყოფებოდა საქართველოში.

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისთვის, როგორც მინიმუმ, საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლების ჩამორთმევა და ამაზე უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება. ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან იმყოფებოდა შემხებლობაში, უფლებამოსილება დროებით მაინც უნდა შეუჩერდეთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ისაუბრა ფარცხალაძის გარემოცვაზეც და აღნიშნა, რომ მისი მოადგილეები და თანამშრომლები, დღეს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციას იკავებენ.

“უტყუარია, რომ სწორედ რუსეთის მითითებით მოხდა მისი დანიშვნა გენერალურ პროკურატურაში. კიდევ უფრო მძიმეა ის ფაქტი, რომ დღემდე, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვა, მისი მოადგილეები, მისი თანამშრომლები იკავებენ როგორც გენერალური პროკურორის პოზიციას, შოთაძის სახით ვამბობ, ასევე, მისი მოადგილეები, შეგიძლიათ, გაიაროთ და ნახოთ, ყველანი არიან, ფაქტობრივად, ფარცხალაძესთან შემხებლობაში მყოფი ადამიანები”, – თქვა მან.

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე “ქართველ-რუს ოლიგარქად” არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button