უკრაინაში ომი გრძელდება-კვლავ იბომბება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიები

უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ, ხერსონის ოლქში მდებარე რუსების დროებით სამეთაურო ბაზაზე HIMARS-ის ტიპის რაკეტებით იერიში განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
Ukrainskaia Pravda-ს ცნობით, დარტყმა შტაბ ბინაზე 24-ე მოტომსროლელი რუსული პოლკის ოფიცრების ყოველდღიური შეკრებისას განხორციელდა. შედეგად იერიშს 8 რუსი ოფიცერი ემსხვერპლა, ხოლო დაჭრილია შვიდი.
“შეხვედრა ნაადრევად დამთავრდა. მოკლულია რვა, ხოლო დაიჭრა შვიდი ოფიცერი”, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
გარდა ამისა რუსი ოკუპანტები ხერსონს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
“რუსეთის არმია ისევ თავს დაესხა ხერსონს. წინასწარი ინფორმაციით, მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა 2 კაცი და 1 ქალი. კიდევ 3 ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს”, – თქვა პროკუდინმა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
20-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლება.
მიმდინარე ომის პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ კიდევ ხუთი რუსული და 11 ჩინური კომპანია დაასანქცირა, რომელთა როლიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების მიწოდება იყო.
26 სექტემბერს უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმა იყო უკრაინის ოდესის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის შეტევა ორ საათს გაგრძელდა.
ოდესაში თავდასხმის შედეგად ქალაქის ისტორიულ ცენტრში 9 შენობა დაზიანდა. მათ შორის ნაგებობა, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების უმრავლესობა მოიგერიეს, თუმცა ნაწილმა იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურამდე მიაღწია. ადმინისტრაციის თანახმად, დაზიანებულია გამშვები პუნქტის შენობა, საწყობები და 30-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანა. დაშავდა ორი მძღოლი.
იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. იზმაილის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ღამის განმავლობაში გამოიყენეს 38 ე.წ. დამრტყმელი დრონი, რომელთაგან 26 განადგურებულია.
25 სექტემბერს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ოდესის პორტზე. დაიღუპა 2 ადამიანი. მნიშვნელოვნად დაზიანდა ოდესის საზღვაო ნავსადგურის და ამავე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს შენობები, განადგურდა მარცვლეულის საცავი და რამდენიმე საწყობი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ოდესის პორტის მოხსენიების გარეშე განაცხადა, რომ „მაღალი სიზუსტის იარაღით” იერიში მიიტანა „უცხოელი დაქირავებული მებრძოლების დროებითი დისლოკაციის და დივერსიული ჯგუფების მომზადების პუნქტებზე”.