რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზად იქნება თუ კიევი ოკუპირებული ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად აღიარებას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით.
“ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მოლაპარაკებისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა განვითარდა მიწაზე და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რაც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთის საზღვრებზე მტრული ნაცისტური რეჟიმის შექმნის პრევენციის ინტერესების გათვალისწინებით”, – თქვა ლავროვმა “ტასთან” ინტერვიუში.
რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების და შეთანხმების პირობად ასახელებს „მიწაზე შექმნილი რეალიების“ გათვალისწინებას. მოსკოვის ენაზე ეს ნიშნავს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს, 28 სექტემბერს, გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ მოსკოვის პოზიცია უცვლელია და შეთანხმებისთვის მზად არიან, „მაგრამ შეთანხმებისთვის იმ რეალიების გათვალისწინებით, რომლებიც მიწაზე შეიქმნა“ და ასევე, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ინტერესებს შორის დაასახელა რუსეთის საზღვრებთან „მტრული ნაცისტური რეჟიმის შექმნის არდაშვება“, რადგან ლავროვის თქმით, „რეჟიმის ღიად დეკლარირებული მიზანია ყველაფრის რუსულის განადგურება ყირიმის და ნოვოროსიის იმ მიწებზე, რომლებიც რუსმა ხალხმა ასწლეულების განმავლობაში აითვისა და მოაწყო“.
უკრაინის ხელისუფლების პოზიციაა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული ჯარი დატოვებს ყველა ოკუპირებულ რეგიონს და აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
ამასთან სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ რაც უფრო დიდხანს აჭიანურებს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება. მისი თქმით, ასეთი კონტაქტებისთვის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განკარგულების გაუქმება მოსკოვთან დიალოგის აკრძალვის შესახებ.
რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული. ამავე პერიოდიდან მოსკოვი უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებს აკონტროლებდა ადგილობრივი სეპარატისტების მეშვეობით.
2022 წლის თებერვლიდან, უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის არმიამ დაიკავა ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილიც და დონეცკის და ლუგანსკის ოლქებთან ერთად რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ბრძოლას ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.
ბოლო ამბები უკრაინაში მიმდინარე ომიდან – ღამით ჩერკასის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა, გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი კვლავ დაბომბეს, საღამოს იერიშის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა ამდენივე ადამიანი.
დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე დონეცკის ოლქის დაბომბვისას, არიან დაშავებულებიც.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მიკოლაივის ოლქის მიმართულებით გაშვებული “შაჰიდის” დრონი ჩამოაგდო.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაბლოკა “ტაურუსის” შორს მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა უკრაინისათვის, რადგან შიშობს, რომ ეს რუსეთთან დაპირისპირებას გამოიწვევს – ამის შესახებ ინფორმაციას “ვოლ სტრიტ ჟურნალი” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ უარყო უკრაინაში იარაღის რეექსპორტი, შემოთავაზებულ ცვლილებებს მხოლოდ 48 დეპუტატი დაეთანხმა და 135-მა უარყო.
აშშ ახალ სანქციების პაკეტს აცხადებს იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ირანული “შაჰიდის” დრონების წარმოებას.
“რუსეთის თავისუფლების” ლეგიონის მებრძოლები აცხადებენ, რომ რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
სამხედროების ოფიციალური Telergam არხი მიუთითებს, რომ ამჟამად მათი ჯგუფები ბელგოროდის რეგიონში მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს შორის დაჭრილები და დაღუპულები არ არიან.
“ვაგრძელებთ ჩვენი სახლის გაწმენდას პუტინის სიბინძურისგან. მიმდინარეობს ბრძოლა, ყველა დეტალს შეგატყობინებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:40 საათზე, ბელგოროდის რაიონის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები და უსაფრთხოების სხვა ძალები “სადემარკაციო ხაზზე იბრძვიან”.
“რამდენიმე წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტაროსელიესა და ტერებრენოს დასახლებების მიდამოებში DRG ამოქმედდა”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
აღნიშნულია, რომ სოფელ სტაროსელიეს მაცხოვრებლები გასულ შემოდგომაზე გადაასახლეს და ახლა იქ არავინ ცხოვრობს.