უკრაინის ლიდერის თქმით რუსეთზე სასანქციო ზეწოლა არასაკმარისია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს 2 ოქტომბერს უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრილ რუსეთის ჯარზე გამარჯვება “პირდაპირაა” დამოკიდებული კიევის თანამშრომლობაზე ევროკავშირთან. ზელენსკის განცხადებების ფონია შეშფოთება ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერის კლებაზე, სლოვაკეთის არჩევნებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მოწინააღმდეგე, პოპულისტური ორიენტაციის პარტიის გამარჯვების გამო.
“დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას და მთელ თავისუფალ სამყაროს შეუძლიათ გაიმარჯვონ ამ კონფრონტაციაში. მაგრამ ჩვენი გამარჯვება პირდაპირაა დამოკიდებული თანამშრომლობაზე თქვენთან: რაც უფრო მეტ ძლიერ და პრინციპულ ნაბიჯს გადავდგამთ თქვენთან ერთად, მით მალე დასრულდება ომი” – თქვა ზელენსკიმ კიევში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი რაუნდის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„სანქციების შესახებ ნებისმიერი პაუზა რუსეთის აგრესიას ახანგრძლივებს და მე-11 პაკეტის შემდეგ პაუზა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ევროპული სოლიდარობის სასიცოცხლო სიმბოლო იყო და თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება მთლიანი ევროპის საერთო მიზანია.
„რუსეთი გახდა ანტიევროპული ძალა, რომელიც ატერორებს და ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპაში სტაბილური და მშვიდობიანი ცხოვრების ყველა საფუძველს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ცალსახად გამოხატა მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინამ უკვე მიიღო ევროპელი მოკავშირეებისგან და განაცხადა: „ჩვენ ვაფასებთ ყველა ქვეყნის, ყველა ლიდერის, ყველა ევროპული კომპანიის ძალისხმევას“.
ამათან უკრაინის ლიდერის თქმით, აშკარაა, რომ რუსეთზე სასანქციო ზეწოლა არასაკმარისია.
როგორც მან აღნიშნა, ეს თვალსაჩინოა, პირველ ყოვლისა, რუსი ტერორისტების დრონებისა და ავიადარტყმების რაოდენობის ზრდის მიხედვით.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მეტი ერთობლივი მუშაობაა საჭირო რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი ფორმისა და სქემის აღსაკვეთად. ზელენსკის განცხადებით, რუსეთში ნებისმიერი პროდუქციის მიწოდება, რომელიც მას საშუალებას აძლევს, გაზარდოს სამხედრო წარმოება, უნდა შეწყდეს.
„ეს არის არა მხოლოდ უკრაინის მკაფიო ინტერესი, არამედ ყველასი მსოფლიოში, ვისაც სურს ამ ომის სასწრაფოდ დასრულება. და მე მადლობას ვუხდი მათ, ვინც უკვე აქტიურად გვეხმარება სანქციების გვერდის ავლის აღკვეთაში. უნდა გააქტიურდეს მუშაობა ევროკავშირის ახალ სასანქციო პაკეტზეც. სანქციებში ნებისმიერი პაუზა ახანგრძლივებს რუსულ აგრესიას, ხოლო სანქციების მე-11 პაკეტის შემდეგ პაუზა უკვე ზედმეტად გაჭიანურდა. აშკარაა, რომ საჭიროა სანქციები რუსეთის ბირთვული დარგის წინააღმდეგ იმისთვის, რასაც რუსეთი აკეთებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე და ასევე როგორც უსაფრთხოების ნაბიჯი საეჭვო რუსული ატომური ტექნოლოგიების გამოყენების წინააღმდეგ. საჭიროა, სასანქციო ზეწოლა გაგრძელდეს ტერორისტი სახელმწიფოს ეკონომიკის სხვა დარგებზეც. მნიშვნელოვანია ასევე, გაფართოვდეს სანქციები ირანის წინააღმდეგ მისთვის სენსიტიურ დარგებში, კერძოდ, აღჭურვილობისა და ქიმიკატების იმპორტთან დაკავშირებით. თითოეული ირანული დრონი, რომელიც დარტყმებს ახორციელებს უკრაინაში ევროპულ ქალაქებზე, არის სასანქციო ზეწოლის მიზეზი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟიზეპ ბორელმა შეხვედრას “ისტორიული” უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ადგილი არის ამ 27-წევრიან ბლოკში. “შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ჩვენს მიზანსწრაფვაში ვიყოთ უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება” – უთხრა ბორელმა ზელენსკის შეხვედრის შემდეგ.
დასკვნით სიტყვაში, ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა შეძლებს დაამარცხოს რუსეთი და მოუწოდა საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ „ჩვენი გამარჯვება პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლობაზე”.