რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბეს.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
“რუსეთის არმიამ დღის დასაწყისიდან კიდევ ერთხელ შეუტია ხერსონს, დაახლოებით 10 საათზე მტერმა სატრანსპორტო საწარმოს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 პოლიციელი”, – თქვა პროკუდინმა.
ამასთან, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაშავებულთაგან 2 მძიმე მდგომარეობაშია.
ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ქალაქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, საწარმოს სახელოსნო, საბავშვო ბაღი, გიმნაზია, გაზსადენი, ბიზნეს ცენტრი, ჰუმანიტარული შტაბი, ეკლესია და სასწრაფო დახმარების სადგური.
ამ დროისთვის ხარკოვიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ოლქის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინებუგოვმა განაცხადა, ოკუპანტებმა რეგიონს S-300 ტიპის რაკეტები 5-ჯერ მაინც დაარტყეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, დღის განმავლობაში დონეცკის რაიონში ოკუპანტებმა არტილერიით 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრეს. მათივე ცნობით, რუსებმა იერიში მიიტანეს პოკროვსკის და ვოლნოვასკის რაიონების დასახლებები.
“დაახლოებით 07:00 საათზე რუსული არმია თავს დაესხა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სოფელ ვუგლეგირსკის თემის ნოვოუკრაინკას. გარდა ამისა, 11:10 საათზე რუსებმა დაბომბეს სოფელი იელიზავეტივკა და პოკროვსკის რაიონი, სადაც 83 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. 14:55 საათზე ოკუპანტები თავს დაესხნენ სოფ. შრომას” – წერია განცხადებაში.
უკრაინის არმიის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ 2 ოქტომბრის ღამით რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია და 150-ზე მეტი დასახლების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნა.
გენერალური შტაბის ცნობით, დრონებით საარტილერიო შეტევა დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონების მიმართულებებით განხორციელდა. სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებში იყო სარაკეტო თავდასხმები.
რუსეთს დაბომბვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გაეროს მონაცემებით, 2023 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 9701 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 17 748 დაშავდა. ეს მონაცემები შესაძლოა, არასრული იყოს.