საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე დაიცავენ

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკვგვერდზე გავრცელდა.
“ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს”, – წერია ინფორმაციაში. თამარ ჩუგოშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში პარტია “ქართული ოცნების” სიით მოხვდა. ის სამი წლის განმავლობაში იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, იმ დრომდე, სანამ სახელისუფლებო პარტია არ დატოვა – მიზეზი “ქართული ოცნების” მიერ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების დაპირების არშესრულება იყო;
მაია კოპალეიშვილი 2009 წლის დეკემბრიდან 10 წლის ვადით იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. რამდენიმე კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტები საზღვარგარეთის ქვეყნებში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის შესახებ არსებითი განხილვის სხდომის დასრულების შემდეგ მის წარმომადგენლებს, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს მადლობას უხდის.
“მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი”, – წერს ზურაბიშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 4 ოქტომბერს გააგრძელებს. განხილვა 11:00 საათზე დაიწყება. დღევანდელი პროცესი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა. მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი პოზიციები გააცნეს.
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის წარდგინების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ფორმულასთან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სხდომა, შესაძლოა, მეორე დღესაც გაგრძელდეს.
საქმეს პლენუმი განიხილავს. სასამართლო პროცესზე როგორც წარდგინების ავტორებს, ისე საქართველოს პრეზიდენტს ელოდება.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.
11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის სასამართლოში გასაგზავნად. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი (საჭირო იყო მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა).
მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა – საკითხი ღია სასამართლო სხდომაზე 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე განიხილება. ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
ამ პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს განაგრძობს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი – 56.