მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა დეკემბერში გაიმართება

"ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება და ეს მხოლოდ დროის საკითხია" -უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი, მეცხრე შეხვედრა დეკემბერში გაიმართება. აღნიშნული საბჭო ასოცირების შეთანხმების შესრულების პროგრესს აკვირდება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, შმიგალმა არ დააკონკრეტა, სად და როდის გაიმართება ასოცირების საბჭოს სხდომა.

ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. ზელენსკი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გასვლით სხდომას გამოეხმაურა, რომელიც კიევში გაიმართა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ლიდერია იმ საფუძვლების დაცვაში, რომელსაც ეყრდნობა ევროპის ერთიანობა.

გარდა ამისა უკრაინის პრეზიდენტმა კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინტეგრაციისთვის მთავარი მიზანი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაა.
„ვისაუბრეთ, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე. ჩვენი ინტეგრაციის მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. დღეს კი შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ გავიგე, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უკრაინა აუცილებლად შეასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს – ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გამართა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რომელთანაც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისა და ფერმერების მხარდაჭერის საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ასევე ესაუბრა ესპანეთის პრეზიდენტს, პედრო სანჩესსაც და მადლობა გადაუხადა პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში ყველამ დაიცვას ევროპული ნორმები და არ დაარღვიოს შეთანხმებები. ეს არის უკრაინის მკაფიო პრინციპი და მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპი ემყარება ევროპული პოლიტიკის ყველა აქტორის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, მან უკრაინას ხუთი მილიარდი ევროს ღირებულების ევროპის სამშვიდობო ფონდის ახალი ორმხრივი მრავალწლიანი პაკეტი შესთავაზა.

„იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, შეთანხმებას წლის ბოლომდე მივაღწიოთ“, – აღნიშნა ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბორელმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ერთიანი რჩება უკრაინის მხარდაჭერისადმი.

„ერთადერთი, რაც იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, არის პრეზიდენტ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“. ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, მტკიცეა და გაგრძელდება“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომა 2022 წელს ბრიუსელში გაიმართა. შედეგად, მხარეებმა ხელი მოაწერეს ოთხ დარგობრივ ხელშეკრულებას. უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭო მოქმედებს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად და ახორციელებს შეთანხმების შესრულების კონტროლს და მონიტორინგს.

მსგავსი პოსტები

Back to top button