ისრაელმა ხანგრძლივი ომის შესახებ გამოაცხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო „ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია, რომლებიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ და პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას“.
„ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს. ომი გვაიძულა „ჰამასის“ თავდასხმამ. პირველი ეტაპი ამ საათებში დამთავრდება ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით. ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელის მიზანია, დააკარგვინოს „ჰამასს“ უნარი და სურვილი, დაემუქროს და ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს მრავალი წლის განმავლობაში.
„ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის არის ელექტროენერგიის, საწვავისა და საქონლის მიწოდების შეჩერება.
პრემიერმა დასძინა, რომ ყველა ობიექტი, რომელსაც ჰამასთან აქვს კავშირი, განადგურდება.
ნეთანიაჰუმ მიმართა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს იაირ ლაპიდსა და ბენი განცს, შექმნან ეროვნული ერთიანობის მთავრობა. ამის შესახებ მმართველმა პარტიამ, „ლიკუდმა“ განაცხადა.
მანამდე ლაპიდმა ისრაელელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის ნეთანიაჰუსთან ერთად შექმნას საგანგებო მთავრობა.
„მე ეს-ესაა შევხვდი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს,“ – თქვა ლაპიდმა. „ვუთხარი, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში თანახმა ვარ მასთან ერთად საგანგებო, ვიწროპროფესიონალური მთავრობის შექმნაზე. ნეთანიაჰუს ესმის, რომ ამჟამინდელი უკიდურესი ექსტრემისტული და დისფუნქციური უსაფრთხოების კაბინეტით მას არ შეუძლია ომის წარმოება“.
ლაპიდი ხელმძღვანელობს ცენტრისტულ „იეშ ატიდის“ პარტიას, ის ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო 2022 წლის ნოემბრამდე, სანამ არჩევნების შედეგად პრემიერის თანამდებობას კვლავ ნეთანიაჰუ დაიკავებდა.
ამასთან, BBC-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ლიბანის ტერიტორიას არტილერიით დაარტყეს. მათი განმარტებით, საარტილერიო დარტყმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელი დაიბომბა.
ისრაელის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათ დაარტყეს ღაზის სექტორში “ჰამასის” სამხედრო ობიექტებსაც. მათი თქმით, გამანადგურებელი თვითმფრინავები თავს ესხმიან “ჰამასის” ოპერატიულ ინფრასტრუქტურას.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გუშინ, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელის მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.