ისრაელისა და “ჰამასის” ომს უკვე 1600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გაერომ გამოაქვეყნა შედეგები, რომლებიც სამ დღეში მოჰყვა ისრაელისა და რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ შეიარაღებულ დაპირისპირებას. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს მონაცემებით, ორივე მხრიდან დაღუპულთა რიცხვი 1600-ს აჭარბებს.
ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 187 500-ზე მეტმა ადამიანმა.
დაიღუპა, დაკარგულად ითვლება ან მძევლადაა აყვანილი უცხო ქვეყნების ათობით მოქალაქე. “ალ-ჯაზირას” მონაცემებით, დაღუპულთა შორის არიან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, უკრაინის, რუსეთის, ტაილანდის, ნეპალისა და არგენტინის მოქალაქეები.
ისრაელის სამაშველო სამსახურის ZAKA-ს მონაცემებით, 100-ზე მეტი ცხედარი მათ ერთ-ერთ ფერმაში ნახეს, სადაც “ჰამასმა” მძევლები აიყვანა. გუშინ, დღის ბოლოს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომთან დაკავშირებული ხუთი კონკრეტული ბრძანების შესახებ გააკეთა აქცენტი. საუბარია “ჰამასის” წინააღმდეგ უპრეცედენტო შეტევით ოპერაციაზე გადასვლაზე.
ისრაელის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა არ აწარმოებს არანაირ მოლაპარაკებას “ჰამასთან” ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლების თაობაზე. თავის მხრივ “ჰამასიც” აცხადებს, რომ ისინი ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს არ გეგმავენ და ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრებიან. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჰამასთან” მძევლების თაობაზე მოლაპარაკებებს კატარი აწარმოებს.
ცნობილი ხდება, რომ იერუსალიმის მიმართულებით გასროლილი ერთ-ერთი რაკეტა სოფელ აბუ გოშში, ახმატ კადიროვის სახელობის მეჩეთს მოხვდა – სალოცავს, რომელიც 10 წლის წინ, რამზან კადიროვმა გახსნა.
ამავე დროს, უკვე მეორე დღეა, ისრაელის სამხედრო სარდლობის განკარგულებით ღაზის სექტორის სრულ ალყაშია მოქცეული. “ჰამასის” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ორ მილიონზე მეტი ადამიანი საკვების, წყლის, დენისა და გაზის გარეშეა დატოვებული.
გაეროს მიერ 9 ოქტომბერს, ღამით გამოქვეყნებულ ანგარიშში, ისრაელის მედიის მონაცემებზე დაყრდნობით წერია, რომ ისრაელში მოკლულია 900-ზე მეტი ადამიანი – როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხოელები. დაიჭრა სულ მცირე 2 616 ადამიანი. ისრაელის წყაროთა თანახმად, „ჰამასმა“ დაატყვევა და ღაზაში იძულებით წაიყვანა 50-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები და ქალები. პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფები აცხადებენ, რომ ტყვედ ჰყავთ 150-ზე მეტი ადამიანი.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში მოკლულია სულ მცირე 687 და დაჭრილია 3 800 ადამიანი. კიდევ 17 პალესტინელი დაიღუპა და 296 დაიჭრა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 187 518-ს გადააჭარბა და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება. გაეროს ცნობითვე, საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის დაწყებიდან ღაზის სექტორში დაზიანებულია 4 სკოლა და 8 სამედიცინო დაწესებულება.
2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.
ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.
რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.
„ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი, პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.