მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

იორდანიამ ღაზას სექტორში სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა

თვითმფრინავი, რომელიც მედიკამენტებსა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობას ატარებდა იორდანიიდან ღაზის სექტორისაკენ დღეს გაფრინდა. ინფორმაციას იორდანიის ჰაშიმიტური სახელმწიფო საქველმოქმედო ორგანიზაცია ადასტურებს.

იორდანიის ხელისუფლების გენერალური მდივნის, ჰუსეინ ალ-შიბლის განცხადებით, დახმარება განკუთვნილია ჯანდაცვის იმ სააგენტოებისთვის, რომლებიც პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედებენ.

ცნობილია, რომ დახმარება ჯერ ეგვიპტეში ჩავა, შემდეგ კი ღაზის სამედიცინო დაწესებულებებს, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით გადაეცემა.

რაფაჰის ხაზი ერთადერთი სასაზღვრო პუნქტია, რომელიც ღაზის სექტორს ეგვიპტისაგან გამოყოფს. სამშაბათს, პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა ღაზაში განაცხადეს, რომ ხაზი დაკეტილი იყო ისრაელის საჰაერო თავდასხმების გამო. ამ ეტაპზე გახსნილია თუ არა რაფაჰის გადასასვლელი, გაურკვეველია.

ამასთან აშშ ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად განიხილავს ამჟამად ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის საკითხს. როგორ იმუშავებს დერეფანი, ჯერ არ იტყობინებიან. ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.

მანამდე ღაზიდან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო მარშრუტის გახსნას მოითხოვდნენ ჰუმანიტარული ჯგუფები და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც რეგიონში ბრძოლები დაიწყო, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ღაზის საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით.

ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს, ღაზაში მდებარე ერთადერთმა ელექტროსადგურმა საწვავის ნაკლებობის გამო შეწყვიტა მუშაობა. ელექტროენერგიის მიწოდება ისრაელიდან, რაც ენერგეტიკის სექტორის უდიდეს ნაწილს შეადგენდა, შეჩერებულია. სექტორში ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ჯერჯერობით დიზელის გენერატორებია. უცნობია, რამდენ ხანს იკმარებს მათი საწვავის მარაგი. გაეროს მიაჩნია, რომ ამან შესაძლოა რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.

„ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ შეიარაღებული მებრძოლები 7 ოქტომბერს თავს დაესხნენ სამხრეთ ისრაელს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს. ბოლო მონაცემებით, ისრაელში 1200 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამოქალაქო პირები და უცხოელები. ჯიჰადისტების მძევლად რჩება ასზე მეტი ადამიანი.

ისრაელმა გამოაცხადა ოპერაცია „რკინის ხმლები“ და დაიწყო ღაზის სექტორში სამიზნეებზე დარტყმები. რამდენიმე დღეში ასობით ათასი რეზერვისტი გაიწვიეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

პალესტინელთა მხარის ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაახლოებით ათასი ადამიანი დაიღუპა. 260 ათასზე მეტმა პალესტინელმა სახლები დატოვა. ზოგიერთმა მათგანმა რეგიონი დატოვა ეგვიპტის საზღვარზე მდებარე რაფაჰის ერთადერთი გადასასვლელით.

სამშაბათს ისრაელმა ცეცხლი გაუხსნა სასაზღვრო გამშვები პუნქტის რაიონს, ვინაიდან იქ, ისრაელის მხარის ცნობით, მდებარეობდა მიწისქვეშა გვირაბი, რომლითაც ტექნიკა და საბრძოლო მასალა იგზავნებოდა ღაზის სექტორში. კაირომ საგუშაგო დაკეტა.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა.

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა “თავის მიზნებს მიაღწია” და “ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა”.

ბოლო მონაცემებით, ჰამასმა 100-150 ადამიანი გაიტაცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button