მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტები დაბომბა

სირიის მთავრობამ, რომელსაც სამშვიდობო შეთანხმება არ აქვს ისრაელთან, მხარი დაუჭირა „ჰამასის“ იერიშს

სირიის სახელმწიფო მედიის თანახმად, 12 ოქტომბერს საჰაერო დარტყმა განხორციელდა ამ ქვეყნის უდიდეს, დამასკისა და ალეპოს აეროპორტებზე. სირიის სააგენტოები ეყრდნობიან სამხედრო წყაროებს და იტყობინებიან, რომ თავდასხმები განახორციელა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა.

დარტყმის შედეგად დაზიანდა ასაფრენი და დასაჯდომი ზოლები. არსებული ცნობით, ორივე აეროპორტმა შეწყვიტა მუშაობა. ინფორმაციას სირიის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ დასავლეთის სააგენტოები. დამასკს ოფიციალურად არ დაუდასტურებია ინფორმაცია ამ დარტყმების შესახებ. თუ ფაქტი დადასტურდა, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ რადიკალური დაჯგუფების ისრაელში შეჭრის შემდეგ, ეს იქნება პირველი თავდასხმა სირიაზე ისრაელის მხრიდან.

ადგილობრივმა არხმა Sham FM-მა განაცხადა, რომ თავდასხმის საპასუხოდ სირიაში საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა. იუწყებოდნენ, რომ ალეპოს აეროპორტის დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დამასკოს აეროპორტის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Reuters წერს, რომ ისრაელი მრავალი წელია სირიაში დარტყმებს ახორციელებს ობიექტებზე, რომლებსაც ის ირანთან დაკავშირებულს უწოდებს, მათ შორის დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე.

თავდასხმები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სირიაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მოხდა.

სირიის მთავრობამ, რომელსაც სამშვიდობო შეთანხმება არ აქვს ისრაელთან, მხარი დაუჭირა „ჰამასის“ იერიშს. ისრაელმა ბოლო წლებში არაერთხელ მიაყენა დარტყმა სირიაში სხვადასხვა ობიექტებს, რომლებიც დაკავშირებულია პროირანულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან.
სააგენტოები ვარაუდობენ, რომ ამჯერადაც დარტყმის სამიზნე იყო ამ დაჯგუფებების ლოგისტიკური ჯაჭვი, რომლის საშუალებითაც ირანიდან მარაგდებიან.
ისრაელში შიშობენ, რომ ისინი შეიძლება გადავიდნენ მის წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებაზე, რითაც გართულდება „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია. ისრაელი სირიაზე თავდასხმას იშვიათად აღიარებს. კომენტარი სირიის აეროპორტებზე დარტყმის შესახებ ამჯერადაც არ გაკეთებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button