მნიშვნელოვანისიახლეები

ზურაბიშვილს საქართველოს მომავალი არ ადარდებს-ოცნება პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოლოდინში

რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორი და მხარდამჭერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ღირსებაზე ლაპარაკობს.
სეფაშვილის აზრით, ზურაბიშვილს საქართველოს მომავალი არ ადარდებს.
“ჩემი აზრით, როცა სალომე ზურაბიშვილი ღია ეთერით გამოვიდა, ვითომ ხალხს მოუწოდა, რომ აი, რა მაგარი ვარ, კონსტიტუცია დავარღვიე და ა.შ, მაშინ უნდა გადამდგარიყო, როცა თვითონ აღიარა თავისი პირით, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. მას რომ ჰქონოდა ღირსება შერჩენილი და მას რომ საქართველოს მომავალი, კანონის უზენაესობა, ჩვენი კონსტიტუცია რამეს ანაღვლებდეს, მაშინ გადადგებოდა თავისით და არ დაელოდებოდა არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც იმპიჩმენტის პროცესს”, – თქვა მან რადიო ფორტუნას ეთერში.
სეფაშვილმა იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს, “პოლიტიკურად ანგაჟირებულები” და “რადიკალური ოპოზიცის გავლენის ქვეშ მყოფები” უწოდა.

ეს (სალომე ზურაბიშვილი) ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ ილუზიებშია, ვერ ხვდება როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა მის არჩევნებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს.
„რაც შეეხება ზოგადად პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. პირველი, უმძიმესი ფაქტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. სამარცხვინოა აღნიშნული ქმედება. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა დაიცვას კონსტიტუცია.
რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია მისი ბოლომდე მიყვანა და განხორციელება, თუმცა ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს.
სადაც უნდა იქ წავიდეს და სადაც უნდა იქ გადავიდეს, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს.
პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეგვიძლია მოვიძიოთ და ვნახოთ, რომელი ქვეყნის პრეზიდენტი იქცევა იმდაგვარად, როგორც იქცევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, რომ დაიცვას კონსტიტუცია, მას ფიცი აქვს დადებული და პირველი არღვევს. ამ ყველაფერს ნიღბავს იმით, რომ თითქოს საქართველოს ევროპულ მომავალზე შესტკივა გული და ამ დროს, რეალობაში რა ხდება? ვისმენთ განცხადებებს მისი მხრიდან, (ჩვენ ხომ არ ვიგონებთ) ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო და დაამატა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. თუ ვინმე სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და უბრალოდ მარტივად, რომ შევაფასოთ მავნებლობა.
ეს (სალომე ზურაბიშვილი) ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ ილუზიებშია, ვერ ხვდება როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა მის არჩევნებზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აცდენილია რეალობას”, – განაცხადა კალაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვცილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირა პრეზიდენტის ისტიტუტიის სუკლისკვეთება და, პირიქით, დააზიანა ევროინტრგრაციის პროცესი.
“ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ მას შეიძლება შიდა თუ გარე აქტორებმა, დააკისროს ის როლი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარეთ არის და თუ ის ამ როლს მოირგებდა, ამით საქართველოს პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდებოდა. “ახლა მიყურეთ პოლიტიკაში როგორ ვიქნები ჩართულიო”. ჩვენ უკვე კარგად გიყურეთ და დავინახეთ, რომ უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, შესწირეთ საქართველოს კონსტიტუცია, და რაც შეგეძლოთ თქვენი ქმედებებით, მაქსიმალურად დააზიანეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზა,” – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “რადიკალური ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინა”. მისივე შეფასებით, სწორედ ამის დასტურია ის მოწოდება, რითიც პრეზიდენტმა ოპოზიციას მოუწოდა იმპიჩმენტის პროცედურას არ დასწრებოდნენ.
“მან თქვა, რომ იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიცაა, დემოკრატია არ არის; სადაც ის პრეზიდენტია, არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტები, გარდა პრეზიდენტისა და, თურმე, ამის სათქმელად მიდიოდა უცხოეთში. რა თქმა უნდა, ამაზე ნებართვას მთავრობა ვერ მისცემდა. ამას გარდა, მან აღიარა, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის” ლიდერი, რადგან ოპოზიციას განზრახული ჰქონდა, რომ არ შესულიყო სხდომათა დარბაზში, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან, ხოლო პრეზიდენტმა უთხრა, რომ არა მხოლოდ დარბაზში არ შეხვიდეთ, არამედ პარლამენტში არ იყოთ საერთოდ და გარეთ ჩაატარეთ აქციებიო. ანუ, ის უკვე მოგვევლინა რადიკალური ოპოზიციის ლიდერად. შესაბამისად, ის ხელთათმანი, რომელიც პრეზიდენტმა გადაუგდო კონსტიტუციას ერთი თვის წინ, ახლა კონსტიტუციამ დაახვედრა საკონსტიტუციო სასამართლოში, თვალიც ჩაუკრა და უთხრა, რომ ამის მერე არცერთმა პრეზიდენტმა აღარ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციაო. აქედან გამომდინარეობდა ზუსტად მისი ეს გამოსვლა, როგორც დაბოღმილი ბავშვის,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტი მმართველობის სისტემას როცა უპირისპირდება, უკვე ზიანია. შემაშფოთებელია, რომ ეს სამ მოსამართლეს არ ესმის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აბსურდია განცხადება, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესებს ზიანი არ მიაყენა.
„დამდგარი მძიმე ზიანია, როცა პრეზიდენტი უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციით დადგენილ წესებს, მმართველობის საპარლამენტო სისტემას. სამ მოსამართლეს რომ არ ესმის, შემაშფოთებელია, მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტს მაინც უნდა ესმოდეს. ყველაფერს ვფიცავარ, ასეა. არ შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეს არ ესმოდეს, რომ პრეზიდენტის ქმედებით რაც დადგა, ეს უკვე არის უმძიმესი ზიანი. ბოლოს უწერიათ, რომ დარღვევა შეიძლება კი არის, მაგრამ ჩვენს კოლეგებს უნდა ემსჯელათ, რამდენად არის თანამდებობიდან გადაყენების ღირსიო, რაც აბსურდია. როგორც ნაფიცმსაჯულთა სისტემაში ფაქტს ნაფიცმსაჯულები ადგენენ და გადაწყვეტილებებს შემდეგ მოსამართლე იღებს, იგივე ლოგიკაა აქაც, ფაქტებს ადგენს საკონსტიტუციო სასამართლო – დაირღვა თუ არა კონსტიტუცია და გადაყენების ღირსია თუ არა, ამაზე პარლამენტის წევრები მსჯელობენ. ეს რომ არ ესმის სამ მოსამართლეს, მართლა შემაშფოთებელია. ყველაფერს ვფიცავარ, ამას ვამბობ, როგორც იურისტი და არა პარლამენტის წევრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართულმა ოცნებამ “მოიყვანა და პრეზიდენტად დასვა”.
მისი თქმით, იქამდე ზურაბიშვილი 1%-იანი იყო.
“მე შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში. ქართულმა ოცნებამ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, ქართული ოცნების რეიტინგის დამსახურებით”, – თქვა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ზურაბიშვილის ოპოზიციაში შესაძლო წასვლაზე კითხვას, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამის არავის ეშინია.
“გვეტყობა ჩვენ, რომ ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?” – განაცხადა მან.
ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაური სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს მაგალითი მიეცა სხვებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნისა და კონსტიტუციის დაცავის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრაციულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია.

„სასამართლოს გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, არის სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და რიგით მოქალაქეს, ეს მე ნამდვილად არ მიხარია. არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის დამრღვევი, ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმის მაგივრად, პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის, თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნის, კანონისა და მთავარი კანონის, კონსტიტუციის დაცავის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ქალბატონმა სალომემ უხეშად, დემონსტრაციულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რაც არა მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების ნათქვამით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

რაც შეეხება ზოგადად შემდეგ პროცედურას. მოგეხსენებათ, პარლამენტში გაიმართება შესაბამისი პროცედურა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მოლოდინი, რომ საჭირო ხმებს მოაგროვებდა უმრავლესობა, არ გვქონია. არც არავითარი დიდი ილუზიები არ ჰქონდა არავის. თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, კანონის შემოქმედნი, კანონმდებლები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. უნდა შევახსენოთ სალომე ზურაბიშვილს და ყველას, ამ ქვეყანაში დასრულდა დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა. ეს ძალიან სამწუხაროა. ქალბატონი სალომესგან, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ იგი შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს. ევროპული სტანდარტი გულისხმობს, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ჩვენ, სანაცვლოდ ამის სრულად საპირისპირო სურათი მივიღეთ, როდესაც ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. მე კომენტარს არ გავაკეთებ მის გამონათქვამებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოთხშაბათი და ხუთშაბათი, ეს ის ორი დღეა, როცა გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ვნახოთ, ჩვენ სხვა საკითხებს როგორ გავივლით და ამის მიხედვით დავნიშნავთ საკითხის განხილვას. ამაზე კიდევ დაწვრილებით მექნება საუბარი, როდესაც დადგენილების პროექტს გამოვიტან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პროცედურაზე.

„დღეს გამოვიტან დადგენილების პროექტს, რომელიც რეგლამენტიდან გამომდინარე, არის განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი. ჩვენ გვაქვს ორი კვირა, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ. ვინაიდან გვაქვს პლენარული სესიის კვირა, ამიტომ მიმდინარე კვირაში შეგვიძლია, განვიხილოთ საკითხი და კენჭი ვუყაროთ.

რაც შეეხება განხილვის ფორმას, ის საკითხის პირველი მოსმენით განხილვის მსგავსია. კერძოდ, ამ შემთხვევაში წარდგინების ავტორებიდან მომხსენებელი გამოვა და წარმოადგენს თავის პოზიციას. შემდეგ, რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს შეუძლია, მოიწვევს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

მე გუშინ მქონდა მიმართვა და ველოდებით საბოლოო პასუხს. როგორც ჩანს, ქალბატონ პრეზიდენტს სურს მონაწილეობის მიღება და ეს თუ ასეა, რა თქმა უნდა, მოვიწვევთ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც თანამომხსენებელს. როგორც მომხსენებელთან, ისე თანამომხსენებელთან არის კითხვების და დაზუსტებების შესაძლებლობა. პირველ მოსმენაში გათვალისწინებულია კომიტეტების გამოსვლა, მაგრამ, ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები აქ არ არის რელევანტური, კომიტეტების გამოსვლები არ იქნება და გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების გამოსვლებზე. ამის ბოლოს დასკვნითი სიტყვის შესაძლებლობა ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს.

საბოლოო ჯამში, ეს იქნება პროცედურა, რომლის განხილვის შემდეგ გვექნება უკვე კენჭისყრა. იცით, რომ იმპიჩმენტისთვის 100 ხმა არის საჭირო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილების დასაბუთებას ჯერ არ გაცნობია, თუმცა რომ გაეცნობა, მაინც არ შეაფასებს.

“სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს, თუმცა გავეცნობი განსხვავებულ აზრსაც, ჯერ არ გავცნობილვარ გადაწყვეტილების მთლიანად დასაბუთებას. გავეცნობი და, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით მექნება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ ჩვენ, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტმა, მოვახდინოთ ამ გადაწყვეტილების შეფასება ან მისი რევიზია, ასეთი რამ შეუძლებელია”, – ამბობს იოსელიანი.

გამოქვეყნდა იმ სამი მოსამართლის პოზიცია, რომელმაც პლენუმის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. თეიმურაზ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი თვლიან, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც თეიმურაზ ტუღუშს, გიორგი კვერენჩხილაძეს და ირინა იმერლიშვილს პლენუმისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. მათ განსხვავებული პოზიცია გამოაქვეყნეს ასევე სხვა რეზონანსულ საქმეებეც, მათ შორის რუსთავი ორის, ნიკა მელიას და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეებზე. მმართველი გუნდის განცხადებით, ის რომ მათ სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე განსხვავებული პოზიციები ჰქონათ, ადასტურებს მათ პოლიტიკურ მიკერძოებულობას.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ფორმალურად, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, არ იკვეთება, რომ მისმა ქმედებებმა დააზიანა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა ან/და, კონსტიტუციის უხეში დარღვევით, საფრთხე შეუქმნა ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციურ წესრიგს.

ვთვლით, რომ შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული რეაგირებით სრულყოფილად აღმოიფხვრებოდა ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ქმედებას შეეძლო გამოეწვია,”- აღნიშნულია დოკუმენტში.

მსგავსი პოსტები

Back to top button