მნიშვნელოვანისიახლეები

86 მომხრე 1 წინააღმდეგი-ოცნებამ პრეზიდენტი ვერ გადააყენა

86 მომხრე, 1 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარდა

სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კითხვებს აღარ უპასუხა.
კენჭისყრა ფარული იყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა. ფარული კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, “ქართული ოცნების” წევრების გარდა, ინჯიას “ევროპელი სოციალისტები”, “გირჩის” წევრები და ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდნენ, დეპუტატი, რომელმაც ხმა არ მისცა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ალეკო ელისაშვილია.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იყო, რომელმაც ის არგუმენტები წარმოადგინა, რაც მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა. მმართველი პარტიის ლიდერი ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გამოქვეყნებულ განსხვავებულ აზრს. მომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელმა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ “ელემენტარული ღირსება” რომ ჰქონდეს, თვითონვე გადადგებოდა იმის მიუხედავად, პარლამენტი მხარს დაუჭერს თუ არა მის იმპიჩმენტს.

ირაკლი კობახიძის შემდეგ, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
თავად პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დღეს პარლამენტში არა მისი, არამედ მმართველი პარტიის და ქვეყნის ბედი წყდება. “ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ”, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან “ქართული ოცნების” წევრებს.

გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა კითხვებით სალომე ზურაბიშვილსაც მიმართეს, თუმცა პრეზიდენტმა კითხვებს პასუხი არ გასცა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დაუდასტურა, რომ არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა და მას ვერ დაავალდებულებდნენ, კითხვებზე ეპასუხა.

კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტმა დარბაზი დატოვა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი მას შემდეგ ამოიწურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება, პარლამენტმა გუშინ მიიღო.

მანამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში კი სწორედ ამის შემდეგ გადაინაცვლა.

იდეა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ, მმართველ გუნს ეკუთვნის. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტები უნებართვოდ განახორციელა, რითაც მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია
კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე რჩება.

გარდა ამისა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მათი მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი თქვა იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მიეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.

იხილეთ განცხადება:

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.

ცნობისთვის საკითხის პარლამენტში გადმოტანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა – ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button