რუსებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქეები

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.
“ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”- ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულებიდან ერთი თბილისის მცხოვრებია, მეორე კი – გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ამოქმედდა ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გასათავისუფლებლად.
ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 6 მოქალაქეა, მათი გათავისუფლების საკითხი ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილება.