ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 3 300-ს მიაღწია-ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 1 300-ს აღწევს
ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის

ღაზის სექტორში ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 300-ს მიაღწია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 13 000-მდე ადამიანი.
რაც შეეხება ისრაელის მხარეს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაშავებული 330 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება ხოლო ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 1 300-ს აღწევს
მათ შორის 58-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 167-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.
საერთო ჯამში, 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად საავადმყოფოში 4 562 ადამიანი გადაიყვანეს.
ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები – ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში. გადაწყვეტილება ე.წ. ომის კაბინეტმა მიიღო.
გარდა ამისა, ისრაელი ითხოვს, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას მიეცეს მძევლების მონახულების საშუალება და იმუშავებს ამ მოთხოვნის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე.
ისრაელის მთავრობის ომის კაბინეტის გადაწყვეტილებითვე, ისრაელი არ შეაფერხებს ჰუმანიტარულ დახმარებას ეგვიპტიდან ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისთვის – “სანამ ეს არის მხოლოდ საკვები, წყალი და მედიკამენტები. ნებისმიერი ტვირთი, რომელიც მიაღწევს ჰამასს, დაიბლოკება ისრაელის მიერ”- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.