აშშ-ის სამიტმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

ვაშინგტონში მიმდინარე ევროკავშირი-აშშ-ის სამიტმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ევროკავშირისა და აშშ-ის სამიტის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ არის გამოხატული და აქვე ხაზგასმულია, რომ ევროპულ გზაზე პროგრესისთვის რეფორმების განხორციელება აუცილებელია.
“ჩვენ ვრჩებით სრულად ერთგული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე მისი ევროპული პერსპექტივის მიმართ მხარდაჭერაში. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ერთგულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისა და ჩვენს მხარდაჭერას ამ რეგიონის EU პერსპექტივის მიმართ. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც მათ ევროპულ გზაზე პროგრესისთვის საჭიროა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
20 ოქტომბერს, ერთობლივი სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი. ევროკავშირის ცნობით, სამიტი იძლევა შესაძლებლობას, შეხვედრისას განიხილონ მჭიდრო ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროები.
აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ადასტურებენ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ.
„ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დაახლოებით 800 მილიონ მოქალაქეს წარმოადგენენ, გაერთიანებულნი არიან ღირებულებებით, დაკავშირებულნი არიან დედამიწაზე ყველაზე დინამიკური ეკონომიკური ურთიერთობებით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ. 2021 წლის ივნისში გამართული აშშ-ევროკავშირის ბოლო სამიტის შემდეგ, მსოფლიო უპრეცედენტოდ შეიცვალა და ჩვენ საპასუხოდ ამბიციური ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ ერთად ვმუშაობთ მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად რეგიონში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის ურყევი მხარდაჭერით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
EU-აშშ-ის სამიტის ერთობლივი განცხადება 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა – მასში საუბარია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე და აღნიშნულია, რომ ისინი იმდენ ხანს გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.
ამასთან, განცხადებაში აშშ და ევროკავშირი გმობს ჰამასის ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. მათი თქმით, ისრაელს სრული უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად პარტნიორებთან მუშაობს გააგრძელებენ.