მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს გაიხსნა

რაფაჰის გამშვები პუნქტი გაიხსნა – ღაზაში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. CNN წერს, რომ მას შემდეგ, რაც 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადავიდა, გამშვები პუნქტი დაიკეტა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რაფაჰის საზღვრის დროებით გახსნას X-ზე (ყოფილი Twitter) ეხმაურება და ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას შეამსუბუქებს.

“მივესალმები რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას. ჩემი მადლიერება ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა,” – წერს ლაიენი.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაწყებას მიესალმება.

„მართებული და მნიშვნელოვანია, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარება ახლა ღაზას მოსახლეობას მიეწოდება. მათ წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ – ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაფერს აკეთებს“, – წერს შოლცი „ტვიტერის“ გვერდზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას მიესალმება და ამბობს, რომ მოსახლეობის დახმარების მიზნით, მსგავსი ნაბიჯები კვლავ უნდა გაგრძელდეს. ის მადლობას უხდის გაეროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, წითელ ჯვარსა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს.

“მივესალმები დღეს დილით ეგვიპტიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების გადასვლას. უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯების განხორციელება, რათა ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ მივუტანოთ”, – წერს ის.

19 ოქტომბერს ჯო ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა. მან თქვა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანა შევიდოდა, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიან ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

ამას წინ უძღოდა ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი – ის შეხვდა ე.წ. ომის კაბინეტს და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ამასთან, პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ღაზის საავადმყოფოზე იერში არა ისრაელმა, არამედ “სხვა ჯგუფმა” მიიტანა. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ კლინიკის დაბომბვაზე განცხადება თავდაცვის დეპარტამენტისგან მიღებული ცნობების საფუძველზე გააკეთა.

ვიზიტის დასრულების წინ ბაიდენმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონგრესს მიმართა, ისრაელს თავდაცვის “უპრეცედენტო” დახმარების პაკეტი გამოუყოს. სწორედ აქ გააჟღერა მან პირველად ინფორმაცია, რომ ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაშვებას დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. თუმცა, 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადასვლის შემდეგ, გამშვები პუნქტი ისევ დაიკეტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button