მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„ჰამასის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

გასამხედროებული პალესტინური დაჯგუფების, ღაზის სექტორზე კონტროლის მქონე “ჰამასის” დელეგაცია ამჟამად მოსკოვს სტუმრობს – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA, პალესტინელთა დელეგაციის წევრზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში მყოფ პირებს შორის არის “ჰამასის” მაღალი რანგის წევრი აბუ მარზუკი.

რუსეთს კავშირები აქვს ყველა მნიშვნელოვან მოთამაშესთან ახლო აღმოსავლეთში – მათ შორის ისრაელთან, ირანთან, პალესტინის ავტონომიასთან და “ჰამასთან”.

ამჟამინდელ კრიზისში მოსკოვი ადანაშაულებს აშშ-ის დიპლომატიის ჩავარდნას და გამოდის მოწოდებებით ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების განახლებისკენ, სამშვიდობო გადაწყვეტის პოვნის მიზნით.

სხვა განცხადებაში ზახაროვამ თქვა, რომ მოსკოვში იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ბაღირი კანი და მოლაპარაკებას მართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუხინთან. ბაღირი ირანის მთავარი წარმომადგენელია ბირთვული საკითხების შესახებ მოლაპარაკებებში.
მანამდე პალესტინის დელეგაციის წყარომ რუსულ მედიას განუცხადა, რომ „ჰამასის“ დელეგაცია მოძრაობის პოლიტბიუროს წევრის, აბუ მარზუკის ხელმძღვანელობით მოსკოვში იმყოფებოდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ წევრების მოსკოვში ჩასვლამდე, „ჰამასის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან კატარში მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button