ომის 613-ე დღე უკრაინაში – რუსები ქალაქ ავდეევკას ბომბავენ
ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 660 სამხედრო, 8 ტანკი და 9 ჯავშანტექნიკა.

ომის 613-ე დღე უკრაინაში – გასულ დღე-ღამეში ინტენსიური შეტაკებები გაგრძელდა უკრაინის აღმოსავლეთის ქალაქ ავდეევკის გარშემო. პარალელურად, ათობით ქვეყნის წარმომადგენლები მალტაში მართავდნენ შეხვედრას უკრაინის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო წინადადებების გარშემო.
საჰაერო დარტყმები მოხდა ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკისა, ზაპორიჟიასა და ხერსონის ოლქში. გასული დღის განმავლობაში დაახლოებით 70-ჯერ იყო საბრძოლო მოქმედებები.
ამასთან, მოსკოვმა უკრაინას ბრალი დასდო მიზანმიმართულ შეტევაში ბირთვული ნარჩენების ობიექტთან, რუსეთის ქალაქ კურსკის სიახლოვეს.
ამასთან უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ ღამით გაშვებული ყველა საფრენი აპარატი ჩამოაგდეს – უწყების ცნობით, რუსებმა გასულ ღამეს უკრაინას ხუთი თვითმკვლელი და X-59 მართვადი რაკეტით შეუტიეს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა კი ყველა მათგანი ჩამოაგდეს.
საჰაერო ძალებმა განმარტეს, რომ რაკეტები პოლტავას ოლქის მირგოროდის რაიონისკენ იყო მიმართული. ცნობილია, რომ შემთხვევამ დანაკარგებისა და სერიოზული ზიანის გარეშე ჩაიარა.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 29 ოქტომბრამდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 660 სამხედრო, 8 ტანკი და 9 ჯავშანტექნიკა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 299 080
ტანკი – 5 175
ჯავშანტექნიკა – 9 758
საარტილერიო სისტემა – 7 188
სარაკეტო სისტემა – 834
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 558
თვითმფრინავები – 320
ვერტმფრენი – 324
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 399
საკრუიზო რაკეტები – 1 544
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 9 532
გემი/ნავი/კატარღა – 20
წყალქვეშა ნავი – 1
სპეციალური აღჭურვილობა – 1 012.
მშვიდობის ფორმულა თანდათან, ეტაპობრივად, გლობალური ხდება, მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს და ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს საერთო ხედვას მშვიდობის შესახებ , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებული მესამე სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც მალტაში მიმდინარეობს.
„სამიტზე 66 ქვეყანაა წარმოდგენილი და ეს კარგი შედეგია. წარმოდგენილია ყველა კონტინენტი. ბევრი ქვეყანა, განსხვავებული პოლიტიკური ტრადიციებით. მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს და ქვეყანას, რომლებმაც უკვე მხარი დაუჭირეს ჩვენს საერთო ხედვას მშვიდობის შესახებ. არსებობს სახელმწიფოების სიის გაფართოების პოტენციალი. ჩვენი ფორმულის პუნქტები იქმნება ისე, რომ მსოფლიოში ყველას, ვინც ნამდვილად აფასებს საერთაშორისო სამართალს, შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი და ღირებულებები და მხარი დაუჭიროს აგრესიის წინააღმდეგ გლობალურ ძალისხმევას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მალტის სამიტზე მიმდინარეობს მუშაობა ფორმულის ათი პუნქტიდან ხუთზე და ეს პუნქტებია:
„რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება“, „სასურსათო უსაფრთხოება“, „ენერგეტიკული უსაფრთხოება“, „ყველა პატიმრისა და დეპორტირებული პირის გათავისუფლება“ და „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა“.
ფორმულის თითოეული პუნქტისთვის შეიქმნა სახელმწიფოთა ჯგუფები, რომლებიც ორიენტირებულია მათ განხორციელებაზე.
„შარშან, როცა პირველად წარვადგინე ფორმულა, მსოფლიო ჯერ კიდევ განიხილავდა სხვადასხვა ხედვასა და საკმაოდ განსხვავებულ მიდგომას ჩვენი სახელმწიფო საზღვრის აღდგენისა და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. გლობალური უმრავლესობა თანდათან ერთიანდება მშვიდობის ფორმულაში ასახული საერთო და სამართლიანი ხედვის ირგვლივ. მსოფლიოს ერთიანობა არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა აგრესორების დასამარცხებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისათვის, გუშინ მალტაში უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე ორდღიანი სამიტი დაიწყო. სამიტს 66 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში პირველი ორი შეხვედრა კოპენჰაგენსა და ჯიდაში გაიმართა.