მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას

პრეზიდენტმა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია.

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში “სიძულვილის ენაზე” სადავო ცვლილებები 19 ოქტომბერს, 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.
უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის “სიძულვილის ენისა” და “უხამსობის” რეგულირების კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს აფართოვებს.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილა.

განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 552-ე მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება კი, შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის არსებული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

კერძოდ, მედიასაშუალებებს, რომლებიც “დაარღვევენ მოთხოვნებს” და გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

17 ოქტომბერს მედიის ადვოკატირების კოალიციამ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვთ.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატირი არიან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: – დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

უმრავლესობის წევრების განმარტებით, “კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button