მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების 12 მეთაურია მოკლული-ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. სამიზნე “ჰამასის” ობიექტები და ინფრასტრუქტურაა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ლიკვიდირებულია “ჰამასის” კიდევ ერთი ლიდერი.
იოავ გალანტის განცხდებით ჯამში ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების 12 მეთაურია მოკლული. მისი თქმით, ისრაელის არმია ყველას მისწვდება, როგორც ჰამასის ხელმძღვანელებს, ასევე, ველზე მომუშავე ტერორისტებს. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჰამასის ბრიგადებმა მძიმე დარტყმები მიიღეს და ჩვენ ინფრასტრუქტურას ინფრასტრუქტურაზე ვანადგურებთ. ვხედავთ, რომ ღაზის ყველა ნაწილში ჰამასის ინფრასტრუქტურაა და ისინი იშლება ისრაელის არმიის დარტყმების შედეგად. შემიძლია, გითხრათ, რომ ჰამასის 12 მეთაური მოკლულია, ჩვენ ყველას მივწვდებით ხელმძღვანელობით დაწყებული ველზე მომუშავე ტერორისტებამდე”, – განაცხადა მან.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ ღამით ღაზაში 2 500 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. მათი განცხადებით, განადგურებულია ჰამასის ინფრასტრუქტურა, სადამკვირვებლო პუნქტები და სამეთაურო ცენტრები.

გარდა ამისა სარაკეტო იერიშების შედეგად დაბომბილი საავადმყოფოში, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ღაზაში უმძიმესი კრიზისის გამო, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ისრაელს ჰუმანიტარული პაუზა შესთავაზა, თუმცა პრემიერ მინისტრი-ბენიამინ ნეთანიაჰუ წინადადებას არ თანხმდება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან, “ჰამასის” წინააღმდეგ გამარჯვებამდე იბრძოლონ და არ აქვს მნიშვნელობა ამას რა დრო დასჭირდება.

მისივე თქმით, “ისრაელს “ჰესბოლასთან” ომის არავითარი ინტერესი არ აქვს, მაგრამ “ჰეზბოლა” თუ დაუშვებს შეცდომას და გადაწყვეტს ომში შესვლას, ის გადაწყვეტს ლიბანის ბედს”.

“ისრაელმა 7 ოქტომბერს “ჰამასის” საშინელი თავდასხმით და მისი სისასტიკით კარგად დაინახა, რომ “ჰამასს” არ აქვს საზღვრები. ჩვენი თავდაცვის ძალები მზად არიან, იბრძოლონ გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც დასჭირდებათ. ამას ერთი წელიც რომ დასჭირდეს, ისრაელმა მისია უნდა დაასრულოს. ომის დასრულების შემდეგ, ღაზაში “ჰამასი” არ იქნება. ისრაელი და აშშ კოორდინირებული არიან ამაზე. რაც შეეხება “ჰეზბოლას”, ისრაელს მასთან ომის არავითარი ინტერესი არ აქვს, მაგრამ “ჰეზბოლა” თუ დაუშვებს შეცდომას და გადაწყვეტს ომში შესვლას, ის გადაწყვეტს ლიბანის ბედს”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button