მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პალესტინის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ბლინკენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხს მყარად უჭერს მხარს, მან აქვე აღნიშნა, რომ პალესტინელების “იძულებით” გადაადგილება დაუშვებელია.ამასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებითვე, აშშ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს.

“ჩვენ გვჯერა, რომ ახლა ცეცხლის შეწყვეტა უბრალოდ საშუალებას მისცემს ჰამასს დარჩეს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც 7 ოქტომბერს გააკეთა”, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ბლინკენის თქმით, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ჰუმანიტარული პაუზების წყალობით გამარტივდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში სტაბილურობის აღდგენის ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის საკითხი, რომ პალესტინელების წინააღმდეგ “ექსტრემისტული ძალადობა” უნდა შეჩერდეს და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა დადგეს.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ განცხადებები არ გაკეთებულა.
ბლინკენი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში დღეს ჩავიდა. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თელ-ავივსა და ამანში იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ვიზიტს გეგმავს. ბლინკენი მანამდე იმყოფებოდა იორდანიაშიც, სადაც ისრაელში მიმდინარე ომთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა – ის შეხვდა ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს.

ბლინკენის ვიზიტის შესახებ ცნობების პარალელურად, აღსანიშნავია, რომ თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციები იმართება – მათ შორის ერთ-ერთში ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. თურქეთში გამართულ აქციაზე ერდოღანი სიტყვითაც გამოვიდა და ისრაელს ოკუპანტი უწოდა. ამის შემდეგ, ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურქეთიდან დიპლომატები გაეწვია.

მანამდე, ერდოღანმა ჰამასს არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ “განმათავისუფლებელი ჯგუფი” უწოდა, ხოლო ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა და თქვა, რომ თურქეთმა მას “ხაზი გადაუსვა”. ერდოღანმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ “აღარ არის ადამიანი, ვისთანაც საუბარი შესაძლებელია”.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

ისრაელში ყოფნის მერე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თურქეთს ეწვევა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება ბლინკენი თურქეთში, თუმცა ცნობილია ის, რომ ვიზიტი ხვალ შუადღემდე გაგრძელდება.

თურქეთში ჩასვლამდე ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს.

ბლინკენის თურქეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, შაბათს, თურქეთმა ისრაელიდან ელჩი, საკირ ოზქან ტორუნლარი გაიწვია იმის გამო, რომ ქვეყანამ „ჰამასთან“ ომში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.

„ელჩის გაწვევა ღაზაში განვითარებული ჰუმანიტარული ტრაგედიის შედეგია, რომელიც გამოწვეულია ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით და ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელის უარით“, – აღნიშნულია თურქეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საკირ ოზქან ტორუნლარი ისრაელში თურქეთის ელჩად 2022 წელს დაინიშნა, მანამდე ქვეყანას ისრაელში ელჩი 4 წლის განმავლობაში არ ჰყოლია მას შემდეგ, რაც 2018 წელს, ათობით პალესტინელის მკვლელობის პროტესტის ნიშნად გაიწვია.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ჰამასს“ “გამათავისუფლებელი” ჯგუფი უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელი “ომის დამნაშავის“ მსგავსად იქცევა. საპასუხოდ, ისრაელმა თურქეთში მყოფ დიპლომატებს ქვეყანაში დაბრუნების განკარგულება მისცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button