მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩვენ მთავარი ბრძოლა არის წინ – ოლიგარქის ხელისუფლების მოშორება-სააკაშვილი

ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმიანება

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მისალოცად აქვს საქმე – ჩვენ მთავარი ბრძოლა არის წინ – ოლიგარქის ხელისუფლების მოშორება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, პირველ რიგში, ქართველი და უკრაინელი ხალხების დიდი დამსახურებაა.
„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მისალოცად აქვს საქმე.
სტატუსი, პირველ რიგში, ქართველი და უკრაინელი ხალხების დიდი დამსახურებაა.
ჩვენი ისტორიული მისწრაფების გამო იმიტომ, რომ აიძულა შარშან ხელისუფლებას, შეეტანა სტატუსზე განაცხადი და იმიტომ, რომ 2013 წლამდე საქართველო ჩვენს დიდ რეგიონში ევროპის იდეის პიონერი და ლიდერი იყო.
მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ 2011 წელს თბილისში გამოსვლისას თქვა, რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრი. ხოლო უკრაინელი ხალხის იმიტომ, რომ მისმა გმირულმა წინააღმდეგობამ მთლიანად შეცვალა გეოპოლიტიკა, გამოაღვიძა ევროპა, გააღებინა მას ფართოდ კარები.
სტატუსის მინიჭება ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ნაციონალურ პარლამენტებში და სხვადასხვა მთავრობებში მყოფი ჩვენი მრავალრიცხოვანი მეგობრების დამსახურებაა. საქართველოს ხელისუფლების დამსახურება იმაშია, რომ მან ხალხის ზეწოლის ქვეშ შეიტანა განაცხადი და კიდევ კარგი უკან არ გაიტანა.
ჩვენ მთავარი ბრძოლა არის წინ – ოლიგარქის ხელისუფლების მოშორება და ეს ჩვენი გასაკეთებელია. სწორედ ამ ხელისუფლების მოშორება გაგვიხსნის გზას ევროკავშირის წევრობისკენ”, – წერს სააკაშვილი.

ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი ევროპელები ქართველები არიან, ხოლო მთავარი ევროპული პარტია – „ნაციონალური მოძრაობაა“.
„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა. მე მინდა ეს პირველი წარმატება და ნაბიჯი, რომელიც არ არის საბოლოო და საბოლოოდ ჩვენ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ პარტიაზე, მივულოცო ქართველ ხალხს.
მინდა ასევე მივულოცო უკრაინის მოსახლეობას, უკრაინელ ხალხს, მოლდოველებს, რომლებიც კიდევ უფრო წარმატებულები არიან და გადადგეს უდიდესი ნაბიჯი, რომ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მთავარი ევროპელები ვართ ჩვენ, მთავარი ევროპული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარია ხალხის ურყევი ნება, რომელსაც სურს ევროკავშირში. ახლა ჯერი არის ჩვენზე. ევროპამ გადაწყვიტა და ცხადია, რომ ეს ასეც იქნებოდა, საქართველო არ დატოვოს და მიატოვოს ტერორისტი პუტინის და რუსეთის ამარა, ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გილოცავთ დღევანდელ დღეს, დაფასებულია ქართველი ხალხის ნება – ევროკავშირმა რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვა! – ასე ეხმაურება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ვაშაძის შეფასებით, ქართველი ხალხის დამსახურებით ქვეყანამ ევროკავშირის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა.
“ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღეა – ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ და სწორედ ქართველი ხალხის, თქვენი დამსახურებაა ეს ყველაფერი, რაც ძალიან მკაფიოდ იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან აღნიშნული. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ ვინც, მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, ქართველი ხალხის ნება დააფასეს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და რეკომენდაცია გაწიეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
წელიწადნახევრის მანძილზე, „ქართული ოცნება“ ხელისშეშლის მეტს არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ დღეს მათ წააგეს ქართველ ხალხთან პირველ რიგში და დიახაც, გაიმარჯვა ჩვენმა ევროპულმა სულისკვეთებამ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ძალიან ბევრი რეფორმაა გასაკეთებელი და დღეს ამ განცხადებით ხაზგასმული იყო ოპოზიციის პოზიტიური როლი, სამოქალაქო სექტორის როლი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის როლი.
ჩვენ ახლა გვჭირდება დიდი ერთიანობა იმისთვის, რომ შემდგომი ერთი თვის მანძილზე, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ, იყოს სრული კონსესუსი და მზაობა.
იმედი მაქვს, რომ ვერ შეძლებს საბოტაჟსა და წინააღმდეგობის პროცესს „ქართული ოცნება“ და ხალხის ნებას დაემორჩილება – გაუწევს ანგარიშს იმ დიდ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირმა ჩვენკენ გადმოდგა.
დიდი მადლობა პირადად ქალბატონ ურსულას ამ მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის, რომელშიც, აბსოლუტურად, ყველაფერია ნათქვამი. ხალხო, ყველაფერი ხომ დღესავით ნათელია, რამხელა დეზინფორმაციის კამპანია მოქმედებდა საქართველოში, რომ ევროკავშირის სტატუსს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, რომ თითქოს ვიღაც რაღაცას გვაძალებს, მაგრამ დიდი ინვესტიცია ჩადო ევროკავშირმა ჩვენში, საქართველოში და არ დაგვტოვა რუსეთთან პირისპირ.
აი, ესაა მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს. საქართველოს გზა არის ევროკავშირისკენ, საქართველოს გზა არის განვითარებისკენ, არასდროს რუსეთი საქართველოში არ იქნება და რაც მთავარია, დეკემბერი – დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ჯერ მხოლოდ დასაწყისია, გულწრფელად მიხარია, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, რომ ვთქვათ – ფუნდამენტი შექმნა ევროკომისიამ, ახლა კი უნდა ვიყოთ მობილიზებული, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისშეშლა არ მოხდეს და მთავარია, რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს ერთიანი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სამოქალაქო საზოგადოების წევრები საქართველოს მოქალაქეებს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას ულოცავენ და აღნიშნავენ, რომ ევროპელ მეგობრებს ყოველთვის ესმოდათ ქართველი ხალხის სურვილი, ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი.
“საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას! სიმბოლურია, რომ დღეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, ჩვენ შევიკრიბეთ აკაკისა და ილიას ძეგლთან, რომ ვისაუბროთ მომავლის იმ გზაზე, რომელიც ილიამ დაგვისახა.
ჩვენს ევროპელ მეგობრებს ყოველთვის ესმოდათ ქართველი ხალხის ხმა, ჩვენი სურვილი და მისწრაფება, ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ევროკომისიამ მხედველობაში მიიღო ჩვენი ურყევი, საერთო ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, “ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებას. ეს მისწრაფება ხელისუფლებამ მეტად უნდა გაითვალისწინოს. ხელისუფლებამ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, და ფოკუსირდეს 12 რეკომენდაციაზე”.
საერთო ეროვნული მიზანი – გავხდეთ ევროკავშირის წევრი – ყოველგვარ პოლიტიკურ თუ სხვა განსხვავებებზე მაღლა დგას. ეს მიზანი მთელ საზოგადოებას, ყველა მოქალაქეს გვაერთიანებს. ამას ელის ევროკავშირი ჩვენგან. დღეს, ჩვენი ხმა უნდა გავაერთიანოთ ჩვენი მომავლისთვის და მივაწვდინოთ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერს. დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ქართველი ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება.
ჩვენ წინაშე ახალი ამოცანა დგას – დღეიდან, დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენი, ქართველი ხალხის მტკიცე ნება და ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ჩვენს ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს”, – აღნიშნავენ ისინი.
დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

​ევროკომისიის გადაწყვეტილებას პარტია “ლელო” ბრიფინგით ეხმაურება. ამ წუთებში განცხადებას აკეთებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე:
“ჩვენი ხალხის გვერდზე დგას და იდგება მანამ, სანამ არ დასრულდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამავდროულად, მინდა მივუსამძიმრო “ქართულ ოცნებას” ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ყველა მცდელობის მიუხედავად და “ქართული ოცნების” ყველა მცდელობის მიუხედავად ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებლად ეს რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია ევროკომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემას ულოცავს.
“ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის და სურვილის აღსრულება. იმ მოცემულობაში, როდესაც ხალხი დგას ევროკავშირში გაწევრიანების სადარაჯოზე და 90%-ით უჭერს მხარს ამ საგარეო არჩევანს რა თქმა უნდა გაკეთებული განცხადება ხალხზე აქცენტით ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს ყველაფერი და რომ რეკომენდაციების სრულფასოვნად შესრულება წინაპირობებით, რომელიც კიდევ ერთხელ აქ აღინიშნა ნიშნავს, რომ მთავრობამ არ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო დაწეოდა უკრაინას და მოლდოვას,” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია დადებითი იქნება.

მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დადებითი რეკომენდაცია მთლიანად ევროპის გეოპოლიტიკური ინტერესი და ქართველი ხალხისთვის გაცემული კრედიტია.
იხილეთ:
“რეკომენდაცია დადებითია, ველოდებით კომისიის მიერ გაკეთებული ჩანაწერის ზუსტ ფორმულირებას.
უნდა გვახსოვდეს, რომ სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი გადაწყდება 15 დეკემბერს 27ვე სახელმწიფოს მონაწილეობით ყველა მათგანის თანხმობის შემთხვევაში. ერთი მათგანის უარიც დაუშვებელია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დადებითი რეკომენდაცია მთლიანად ევროპის გეოპოლიტიკური ინტერესი და ქართველი ხალხისთვის გაცემული კრედიტია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი მავნებლობაც ჩვენი მთავრობის მხრიდან დარჩენილ ერთ თვეში და ევროპული საბჭოს მხრიდან სტატუსის გაცემის ალბათობა შემცირდება. ამიტომ ერთი თვე ქართველებმა უნდა შევძლოთ და გავანეიტრალოთ ხელისუფლება და კბილებით მივიტანოთ ეს დადებითი რეკომენდაცია ევროპულ საბჭომდე ისე, რომ სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.
ps სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლების და ზოგიერთის მიერ დადანაშაულებული ხალხი ვართ მოწვეული ამ მნიშვნელოვან დღეს ბრიუსელში. აგერ სალომე სამადაშვილიც აქაა და რაღაც “თავგადაკლულებს” ვერ ვხედავ, ხელისუფლების წარმომადგენლებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი”, – წერს ნიკა გვარამია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის გაცემას ეხმაურება.
როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტში“ სალომე ზურაბიშვილი წერს, ის “როგორც პროევროპელი ლიდერი, თავისი როლის შესრულებას გააგრძელებს“.
„ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გავაგრძელებ ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, ევროკომისიის რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.
“გილოცავთ ყველა ქართველს! დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის”- ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მსგავსი პოსტები

Back to top button