მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრემლის ლიდერი ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებას გამართავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ასტანაში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს თავის ყაზახ კოლეგა ყასიმ-ჟომართ თოყაევთან და მასთან ერთად რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

პუტინი ასტანას ყაზახეთის ლიდერის მოწვევით სტუმრობს.
კრემლის ზოგადი ინფორმაციის მიხედვით, დღის წესრიგშია ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა და აქტუალური საერთაშორისო პრობლემები.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მხარეები განიხილავენ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის ასოციაციების ფარგლებში ურთიერთქმედების საკითხებს, გარდა ამისა, პრეზიდენტები მოსაზრებებს გაცვლიან რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.

პრეზიდენტები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, მედიასთან კომენტარს გააკეთებენ და დისტანციურად ჩაერთვებიან რუსეთ-ყაზახეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XIX ფორუმის პლენარულ შეხვედრაში.
ყაზახეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 8 ნოემბერს, კრემლის საიტზე გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყაზახურ გამოცემასთან პუტინის ინტერვიუ, რომელშიც ამბობს, რომ რუსეთ-ყაზახეთის პარტნიორობას განსაკუთრებულად პრივილეგირებული ხასიათი აქვს და ეფუძნება ურთიერთპატივისცემის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს.

როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული მედია წერს, ყაზახეთში პუტინის ვიზიტის შედეგები აჩვენებს, ვის გვერდით დადგება ყაზახეთი – რუსეთის და ჩინეთის თუ დასავლეთის, რადგან „ორ სკამზე ჯდომა“ აღარ გამოუვა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, ყაზახეთს კრემლის მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს, პრეზიდენტმა ტოყაევმა კი განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ.

ყაზახეთი და რუსეთი კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად არიან დსთ-ს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები.
რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები ასევე რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XIX ფორუმის პლენარულ სესიას გამართავენ, რომლის თემაა „სოფლის მეურნეობა – ძლიერი ეკონომიკის საფუძველი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button